მიანმარი

მიანმარის საპროტესტო აქციებს ერთ დღეში 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

CNN

28 თებერვალს მიანმარის სამთავრობო ძალებმა საპროტესტო აქციები განსაკუთრებული სისასტიკით დაშალეს. ისინი დემონსტრანტების მიმართ კვლავ საბრძოლო ტყვიებს ისროდნენ. კვირას გავრცელებული ცნობებით, გარდაცვლილი იყო 7 ადამიანი, მაგრამ დაღუპულთა რიცხვმა იმატა. გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის მიხედვით, ცეცხლის გახსნას მინიმუმ 18 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და დაშავებულია 30-ზე მეტი.

მიანმარში სამხედრო გადატრიალების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები გასულ კვირაში გადატრიალების მომხრე დემონსტრანტებთან მომხდარი შეტაკებისა და სამთავრობო ძალების მიერ ცეცხლის გახსნის შემდეგ მაინც გაგრძელდა. 

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის მიხედვით, საბრძოლო დანიშნულების ტყვიები დემონსტრანტებს რამდენიმე ქალაქში ესროლეს: ყველაზე დიდ ქალაქ იანგონში, დავეიში, მანდალაიში, მიეიკში, ბაგოსა და პოკოკუში. 

გაერომ დაგმო დემონსტრანტების მიმართ ძალადობა და სამხედრო ხუნტას ძალის გამოყენების შეჩერებისკენ მოუწოდა.

"მიანმარის ხალხს მშვიდობიანი შეკრებისა და დემოკრატიის აღდგენის უფლება გააჩნია". –ნათქვამი იყო გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებაში.

შემთხვევას სოციალურ ქსელ Twitter-ზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც გამოეხმაურა. მან მიანმარელი დემონსტრანტების მიმართ თანადგომა გამოხატა და ყველა სხვა ქვეყანას მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.


პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცა, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინს. ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი, დააკავეს. ისინი შინაპატიმრობაში არიან.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

კომენტარები