შარლ მიშელის ვიზიტი

ბოკერია: მშვიდობიან პიკეტირებას ვაგრძელებთ, ამ თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიცია აგრძელებს მშვიდობიან აქციებსა და დაგეგმილ პიკეტს. მისივე თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრისას ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. 

"აქ არ არის გადადებაზე საუბარი, ეს უნდა მოხდეს დღეების განმავლობაში, ეს არის თვითონ პრეზიდენტ მიშელის სიტყვები. მშვიდობიანი აქციები ყოველგვარი ფიზიკური ძალადობის რისკის გაზრდის გარეშე აბსოლუტურად ნორმალური ნაწილია დემოკრატიული საზოგადოების, ბლოკირებას ისედაც არავინ აპირებდა, ამიტომ არაფერი შეცვლილა ამ თვალსაზრისით, მშვიდობიან პიკეტირებას გავაგრძელებთ". – თქვა ბოკერიამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან. 

ოპოზიციის გეგმის მიხედვით, ისინი 2 მარტს პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავენ.

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა გაიმართა. ლიდერების თქმით, შეხვედრაზე მხარეებს შორის დიალოგი განახლდა და მოლაპარაკების მაგიდაზე არსებულ პუნქტებს კიდევ 2, მართლმსაჯულებისა და ძალაუფლების დანაწილების შესახებ პუნქტები დაემატა. დიალოგის მთავარ საგნად კვლავ რჩება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა. 

"საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გამყარებისა და გაღრმავების გასაღები არის ამ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა". – თქვა შარლ მიშელმა შეხვედრის შემდეგ. 

კომენტარები