მიანმარი

მიანმარში აქციების დაშლისას ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს, დაიღუპა რამდენიმე ადამიანი

Reuters

მიანმარში დაპირისპირება პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის გამწვავდა. კვირას, 28 თებერვალს, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, შვიდი ადამიანი.

მიანმარის მოსახლეობა სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებს. აქტიური საპროტესტო აქციები ქვეყნის დიდ ქალაქებში 6 თებერვლიდან დაიწყო.

ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქში, იანგონში, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. აქციების დაშლაში პოლიციას სამხედროები ეხმარებიან. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ერთი ადამიანი კი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობისგან გარდაიცვალა.

პოლიციამ მასწავლებლების აქციის დასაშლელად ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა. დაპირისპირების შედეგად ერთ-ერთი დემონსტრანტი ქალი, თინ ნიუ იი გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა შვილმა და კოლეგებმა გაავრცელეს.

როგორც ადგილობრივმა პოლიტიკოსმა Reuters-ს უთხრა, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ დავეიში, პოლიციამ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც დაიღუპა სამი ადამიანი და დაშავდა რამდენიმე.

მიანმარის მედიის თანახმად, პროტესტისას ორი ადამიანი დაიღუპა ქალაქ მანდალაიში.

მიანმარის სამხედრო ხუნტის ლიდერის თქმით, პოლიცია მოპროტესტეთა წინააღმდეგ მინიმალურ ძალას იყენებს, თუმცა პროტესტის დაწყების შემდეგ უკვე ათამდე ადამიანი დაიღუპა.


პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცათ, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინგს. ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი დააკავეს. ისინი შინაპატიმრობაში არიან.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

სამხედრო ხუნტამ ქვეყანაში დაბლოკა Facebook, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ინფორმაციის მისაღებად და გასავრცელებლად იყენებდა. ამის შემდეგ გაიზარდა Twitter-ის მოხმარება, თუმცა მოგვიანებით ეს სოციალური ქსელიც დაიბლოკა. სამხედრო ძალების წარმომადგენლები მიზეზად ასახელებენ იმას, რომ სოციალურ მედიას "მოსახლეობაში გაუგებრობის გამოსაწვევად იყენებენ".

ეს ნაბიჯი დაგმეს როგორც Twitter-ის და Facebook-ის წარმომადგენლებმა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებმა. Amnesty International-ში აცხადებენ, რომ ეს ადამიანის უფლებათა დარღვევების რისკს წარმოშობს.

მიანმარს (წარსულში ბირმა) 1962 წლიდან 2011 წლამდე სამხედრო ხუნტა მართავდა, რომელმაც 1988 და 2007 წლების დემოკრატიული მოძრაობები სასტიკად ჩაახშო. სამხედრო რეჟიმი ქვეყნის მართვის სადავეებს დღემდე არ უშვებს ხელიდან, რადგანაც 2008 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, ქვეყნის პარლამენტის 25% სამხედროებს გადაეცათ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების (მინისტრების დანიშვნა, კონსტიტუციის შეცვლა) მხოლოდ ხმათა 75%-ზე მაღალი უმრავლესობითაა შესაძლებელი.

2011 წლის შემდეგ შემდეგ 2020 წლის 8 ნოემბერს გამართული საყოველთაო არჩევნები მეორე იყო, რომელიც ქვეყანაში ჩატარდა. 2015 წლის არჩევნებში ასევე აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა.

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ბოლო არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა დაახლოებით 70%-მა მიიღო. აუნ სან სუ ჩის პარტიამ პარლამენტში ადგილების 83% მოიპოვა, სამხედროებთან დაახლოებულმა ოპოზიციამ, კავშირის სოლიდარობის და განვითარების პარტიამ კი მხოლოდ 25 ადგილი. სამხედრო ძალების ლიდერებმა არჩევნების შედეგები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. საარჩევნო კომისიამ უარყო დარღვევების არსებობა.

თავად აუნ სან სუ ჩის არჩევნებში მონაწილეობის და პრეზიდენტის პოსტის დაკავების უფლება არ აქვს, რადგან მისი შვილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი სუ ჩი უკანასკნელ წლებში მძაფრი კრიტიკის ობიექტი გახდა ქვეყანაში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების გამო, რაც გაერომ გენოციდად შეაფასა. გაეროს ანგარიშის მიხედვით, მიანმარელი გენერლები გენოციდისათვის უნდა გასამართლდნენ, ხოლო აუნ სან სუ ჩიმ და სამოქალაქო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკმარისი არ გააკეთეს მათ შესაჩერებლად.

ჩადენილ დანაშაულებს შორის სახელდება მკვლელობა, დაპატიმრება, წამება, გაუპატიურება, მონობა, სიკვდილით დასჯა, საცხოვრებელი სახლებისა და ზოგიერთ შემთხვევაში მთელი სოფლის გადაწვა და არასრულწლოვნებზე ძალადობა.

მიანმარის სისხლიანი კონფლიქტის წარმოშობის და აუნ სან სუ ჩის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ, წაიკითხოთ ტაბულას სტატიებში.

კომენტარები