ჟურნალისტზე თავდასხმა

FORMULA: სანაიაზე ძალადობას ხელისუფლებას ვაკისრებთ, დაუსჯელობა ხელს უწყობს აგრესიის ციკლს

ტელეკომპანია ფორმულა  ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას განცხადებით ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს, თავდამსხმელებმა მკაცრად აგონ პასუხი. 

ასევე მოუწოდებენ  საერთაშორისო ორგანიზაციებს, ელჩებსა და საქართველოს პარტნიორებს, მკაცრად დაგმონ მედიის წინააღმდეგ მიმართული აგრესია. 

"ტელეკომპანია ფორმულა გამოხატავს უკიდურეს აღშფოთებას ჩვენი ჟურნალისტის, მისი ოჯახის წევრების და მედიის წინააღმდეგ მიმართული უკანონო და არაადამიანური ქმედებების გამო.

ხელისუფლების მცდელობამ, მოახდინოს კრიტიკული აზრის მარგინალიზაცია, აწარმოოს პოლიტიკური მართლმსაჯულება და გამოიყენოს აგრესიული რიტორიკა მმართველი პარტიის ოპონენტების წინააღმდეგ, იმ დონემდე გააღრმავა პოლარიზაცია, რომ ჩვენს ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ აღარავინ გრძნობს.

ჟურნალისტები მუდმივად ხდებიან თავდასხმის მსხვერპლნი, მათ აყენებენ შეურაცხყოფას, როგორც ფიზიკურს, ისე სიტყვიერს - მსგავსი რამ მომხდარა მოვლენების პირდაპირ ეთერში გაშუქების რეჟიმშიც, პასუხისგებაში კი არავინ მიცემულა, ან სასჯელი უკიდურესად მსუბუქი იყო.

თანამშრომლობაზე ორიენტირებული დემოკრატიული პროცესების გაღრმავების ნაცვლად, მმართველმა პარტიამ მომეტებული აგრესიით, სიძულვილის ენის გამოყენებითა და ხელისუფლებისთვის მიუღებელი მედიის ბოიკოტირებით კონფლიქტური გარემო კიდევ უფრო აუტანელი გახადა.

ქართულმა ოცნებამ გამოიყენა ყველა მექანიზმი ჟურნალისტების დასაშინებლად, მათ შორის, მოაწყო პოლიტიკურად მოტივირებული წმენდა საქართველოსა და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლებში. ჟურნალისტები აიძულეს, დაეტოვებინათ ტელეკომპანიები, მათ შორის უკანონო თვალთვალისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნების მუქარის გზით.

მედიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დაუსჯელობა ხელს უწყობს აგრესიის ციკლს, ამიტომ მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას ვაკისრებთ.

ვახო სანაიაზე თავდასხმა არ არის ცალკეული შემთხვევა, არამედ, დაარსების დღიდან, ფორმულას წინააღმდეგ მიმართული ორკესტრირებულ თავდასხმათა ჯაჭვის შემადგენელი ნაწილია. ეს მოიცავს ტელეკომპანიის დირექტორის, ზურაბ გუმბარიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრას, მკაცრი ჯარიმების დაწესების მიზნით ხელოვნურად შეთხზული საქმეების წარმოებას, კომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობებს და სამაუწყებლო ლიცენზიის შეჩერების მუქარებს.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მკაცრად აგონ პასუხი თავდამსხმელებმა, იმოქმედონ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მოთხოვნების შესაბამისად, მათ შორის მედიასთან კომუნიკაციისას.

მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ელჩებს, მეგობრებსა და საქართველოს პარტნიორებს, მკაცრად დაგმონ მედიის წინააღმდეგ მიმართული ეს მიუღებელი აგრესია, რათა თავიდან ავიცილოთ ვითარების შემდგომი ესკალაცია. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უმკაცრესად დაგმონ ყველა სახის თავდასხმა მედიისა და მათი წარმომადგენლების წინააღმდეგ. ასეთ მძიმე დარღვევებზე რეაგირება საზოგადოებისა და ანგარიშვალდებული სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას დაეხმარება". - წერია ტელეკომპანიის განცხადებაში. 

კომენტარები