ჟურნალისტზე თავდასხმა

ოპოზიცია სანაიაზე: პროვოკაციული გარემოს შედეგია, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა

ფორმულა

ოპოზიციური პარტიები ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით საერთო განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმა უკიდურესად საშიში და პროვოკაციული გარემოს შედეგია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა.

"დღეს დილით ჟურნალისტ ვახო სანაიას დაესხნენ თავს. მივიჩნევთ, რომ ეს უკიდურესად საშიში და პროვოკაციული გარემოს შედეგია, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა.

ოპონენტების ან, უბრალოდ, კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების მიმართ ძალადობა, ამ ძალადობის დაუსჯელობა და წახალისება, ქართული ოცნების სავიზიტო ბარათად იქცა. განსაკუთრებით საშიშია, როცა ამგვარი ძალადობა ჟურნალისტის მიმართ ხდება.

ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ორგანიზება ან წახალისება, ისედაც პოლარიზებული გარემოს მეტად რადიკალიზებას იწვევს. პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური პარტიების ამოცანა ამ პოლარიზების შემცირებაა და არა პირიქით.

ჯანმრთელობას და მხნეობას ვუსურვებთ ვახო სანაიას. მოვითხოვთ ამ საქმის სწრაფად გამოძიებას და მოძალადეების დასჯას". – ნათქვამია განცხადებაში.

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • ევროპული საქართველო
  • ლეიბორისტული პარტია
  • გამარჯვებული საქართველო
  • ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა
  • სტრატეგია აღმაშენებელი
  • ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა
  • ლელო საქართველოსთვის
  • ტრიბუნა
  • ქრისტიან-კონსერვატიული პარტია
  • ახალი ქრისტიან დემოკრატები
  • სამართლიანობისთვის
  • ეროვნულ დემოკრატიული პარტია
  • სახელმწიფო ხალხისთვის
  • ევროპული დემოკრატები
  • კანონი და სამართალი
  • რესპუბლიკური პარტია
  • სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის
  • გირჩი – მეტი თავისუფლება
  • თავისუფალი დემოკრატები
  • ელენე ხოშტარია
  • ირაკლი ღლონტი
  • შალვა შავგულიძე

ვახო სანაიას და მისი ცოლის ნათესავს თავს დღეს, 25 თებერვალს დაესხნენ. საქმეზე სამი ადამიანია დაკავებული. როგორც სანაია ჰყვება, თავდემსხმელებს მისი, როგორც ჟურნალისტის, მიმართ ჰქონდათ აგრესია, აგინებდნენ ტელევიზიებს. მისივე თქმით, დაზიანებები თავსა და სხვეულის სხვადასხვა ადგილზე აქვს.     

კომენტარები