ნიკა მელიას დაკავება

TI-ს ბერლინის სათაო ოფისი: ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება პოლიტიკურ კრიზისს ამძიმებს

ნიკა მელია
Reuters/Irakli Gedenidze

ორგანიზაციის "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ბერლინის სათაო ოფისის საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან და ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" ღრმად შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეჭრისა და პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება მხოლოდ დაამძიმებს ქვეყანაში ამჟამად არსებულ პოლიტიკურ კრიზისს.

ბოლო პერიოდის მოვლენები საქართველოში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა პოზიტიურ მაგალითად პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს შორის, მორიგი გამოვლინებაა ძალაუფლების კონცენტრაციის უკიდურესად მაღალი ხარისხისა და სახელმწიფოს მიტაცებისკენ შემაშფოთებელი სვლისა. კანონის უზენაესობისა და ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ეროზია, ასევე უწყვეტი თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჯგუფებზე, მნიშვნელოვან უკუსვლას იწვევს დემოკრატიის მხრივ.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობა და მმართველი პარტიის გავლენა სამართალდამცავ უწყებებზე გამოიყენება, როგორც იარაღი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.

დასანანია, რომ ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს შედეგიანი ანტიკორუფციული რეფორმებით იყო ცნობილი, დაუსჯელობა სულ უფრო მეტად მკვიდრდება ნორმად მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებში. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ჩაებას პოლიტიკურ დიალოგში ქვეყნის დემოკრატიული მომავლის დაცვის მიზნით და შექმნას გარემო, რომელშიც შესაძლებელი იქნება რეალური ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელება


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. მანამდე, სამართალდამცველებმა პარტიის ოფისს, სადაც თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა, ალყა შემოარტყეს და მათ 30 წუთი მისცეს. ნიკა მელიას ოფისში შეჭრისას, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ასევე, იყენებდნენ წიწაკის სპრეის. ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა.  

კომენტარები