ნიკა მელიას დაკავება

გიდორი: მთავრობის თქმით, გუშინდელი კონტროლის აღებაა, გარედან კონტროლის დაკარგვა ჩანს

რან გიდორი, ისრაელის ელჩი საქართველოში

საქართველოში ისრაელის ელჩი, რან გიდორი საქმიან დილასთან ინტერვიუში ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზე საუბრობს. როგორც გიდორი ამბობს, მთავრობა ამტკიცებს, რომ მელიას დაკავება კონტროლის აღებისთვის გადადგმული ნაბიჯი იყო, თუმცა, მისი შეფასებით, ენმ-ის ოფისში მომხდარი კონტროლის დაკარგვას ჰგავდა. 

"ისრაელი ყოველთვის იყო მყარი მოკავშირე და საქართველოს კარგი მეგობარი. როგორც საქართველოს მეგობარი, სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავ და მხოლოდ შეშფოთება შემიძლია, გამოვთქვა მოვლენების ბოლო განვითარებასთან დაკავშირებით. მთავრობის განცხადებით, ეს იყო კონტროლის აღებისთვის გადადგმული ნაბიჯები, თუმცა გარედან თუ გაინტერესებთ შეფასება, გარედან ეს ჩანს, როგორც ვითარებაზე კონტროლის დაკარგვა". – ამბობს გიდორი საქმიან დილასთან ინტერვიუში. თარგმანს BM.ge ავრცელებს.

ისრაელის ელჩი ასევე ამბობს, რომ კრიზისი საქართველოში ინვესტორების შემოსვლას ართულებს.

  • როგორ ეხმაურება საერთაშორისო საზოგადოება ნიკა მელიას დაკავება - ნახეთ აქ. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი გუშინ, 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. მანამდე, სამართალდამცველებმა პარტიის ოფისს, სადაც თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა, ალყა შემოარტყეს და მათ 30 წუთი მისცეს. ნიკა მელიას ოფისში შეჭრისას, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ასევე, იყენებდნენ წიწაკის სპრეის. ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. 

კომენტარები