ნიკა მელიას დაკავება

მიკსერი და კალიურანდი: პარტიის პოლიტიკაზე წინ ხალხის მისწრაფებები უნდა დააყენოთ

სვენ მიკსერი, მარინა კალიურანდი

ევროპარლამენტარები - მარინა კალიურანდი და სვენ მიკსერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

"მოვუწოდებთ მმართველ პარტიას და საქართველოს მთავრობას, ასევე ყველა ოპოზიციურ ჯგუფს, დაუყოვნებლივ გადადგან საჭირო ნაბიჯები პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალაციისათვის, რათა გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი, რომელიც კიდევ უფრო გამწვავდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის დაკავების შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ ვგმობთ ოპოზიციის ნაწილის მიერ არაკონსტრუქციული და პროვოკაციული ტაქტიკის არჩევას, პროვოკაციების პასუხად ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისში შეჭრა და მათი ლიდერის დაკავება არაფერს წაადგება და არ არის კრიზისიდან გამოსავალი.

ერთადერთი გზა, რომლითაც საქართველოს შეუძლია, გამოვიდეს პოლიტიკური ჩიხიდან, ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების საფრთხის ქვეშ დაყენების გარეშე, არის ყველა მხარის მიერ ერთი ნაბიჯით უკან დახევა, პოლარიზაციის გამომწვევი რიტორიკისგან თავის შეკავება და დიალოგის გაგრძელება. აუცილებელია, რომ ყველამ, ვისაც მინდობილი აქვს ძალაუფლება, ნებისმიერი პარტიის პოლიტიკაზე წინ ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები დააყენოს".

განცხადება საკუთარ Twitter-ზე სვენ მიკსერმა გაავრცელა წარწერით:

"ერთადერთი გზა, რომლითაც საქართველოს შეუძლია, გამოვიდეს პოლიტიკური ჩიხიდან არის ყველა პარტიის მიერ პოლარიზაციის გამომწვევი რიტორიკისგან თავის შეკავება და დიალოგის გაგრძელება".

კომენტარები