ნიკა მელიას დაკავება

ბრაიზა: ოპოზიციის და მთავრობის დაპირისპირება გაართულებს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას

მეთიუ ბრაიზა

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და ნიკა მელიას დაკავებაზე ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში ისაუბრა. ბრაიზას შეფასებით, აშშ-ს საელჩოს განცხადება გაცილებით უფრო ნეგატიური იყო საქართველოს მთავრობის მიმართულებით და გმობდა საქართველოს ქმედებებს. მეთიუ ბრაიზა აღნიშნავს, რომ ხანგრძლივი დაპირისპირება ოპოზიციასა და მთავრობას შორის უარყოფითად აისახება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და გაართულებს NATO-ში გაწევრიანებას. 

"აშშ-ს საელჩოს განცხადება გაცილებით უფრო ნეგატიური იყო საქართველოს მთავრობის მიმართულებით, გაცილებით მეტად გმობდა საქართველოს მთავრობის ქმედებებს. ნათელია, რომ აშშ-ს საელჩო აცხადებს, რომ საქართველოს დემოკრატია დაზიანდა, იმ თვალსაზრისით რომ ეს შეიძლება ნატოში საქართველო წევრობას ეხებოდეს, მაგრამ იქნება თუ არა სანქციები ამერიკის ან ევროპული მთავრობებიდან? სიტუაცია ჯერ კიდევ ვითარდება." - ამბობს, ტელეკომპანია პირველის თარგმანის მიხედვით, მეთიუ ბრაიზა.

ბრაიზა აღნიშნავს, რომ აშშ-ს საელჩოს ტონი შეცვლილია და ვაშინგტონის ყურადღება ოპოზიციამ მიიქცია. 

"გუშინ ამერიკის საელჩო ძალიან ფრთხილობდა, ჩემი აზრით და როგორც ვიცი, ეუბნებოდა ოპოზიციას, შედით პარლამენტში მიუხედავად იმისა, რომ არ მოგწონთ, რა გააკეთა მთავრობამ არჩევნებისას, იმიტომ რომ ქვეყნისთვის წინსვლის გზა არის ქვეყნის მართვა პარლამენტიდან, მაგრამ [დღეს] აშშ-ს საელჩოს ტონი განსხვავდება. ვაშინგტონის ყურადღება მიიქცია გაერთიანებულმა ოპოზიციამ. თუ ოპოზიცია მშვიდობიანად და პასუხისმგებლობით გააგრძელებს მოქცევას, უფრო და უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება ამერიკის შეერთებული შტატებიდან." - ამბობს ბრაიზა.

მეთიუ ბრაიზას თანახმად, თუ მოხდა ძალადობრივი დაპირისპირება და თუ ოპოზიციასა და მთავრობას შორის დაპირისპირება ხანგრძლივად, თვეების განმავლობაში გაგრძელდება, ეს გაართულებს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.

"ამ ეტაპზე ამერიკის საელჩოს განცხადება არის მხოლოდ გაფრთხილება, თუ შემდგომში არაფერი არ მოხდა, თუ არ იქნება ძალადობა, არ იქნება ძალადობრივი პროტესტი და ძალადობრივი პასუხი მთავრობის მხრიდან, თუ ამის ნაცვლად საქართველოს მოსახლეობა ოპოზიციაში თუ მთავრობაში გაიაზრებს, რამდენად სერიოზული მომენტია, რამდენად საშიშია საქართველოს დემოკრატიისთვის, მაშინ ამას არ ექნება უარყოფითი გავლენა საქართველოს ტრანსატლანტიკურ მისწრაფებებზე. მაგრამ თუ ძალადობრივი დაპირისპირება მოხდა, თუ დაპირისპირება ოპოზიციასა და მთავრობას შორის გაგრძელდება თვეების განმავლობაში, ეს გაცილებით გაართულებს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. იმიტომ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის დემოკრატიული სახელმწიფო, დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირება. ახლა საქართველოს დემოკრატია შეფერხებას ვხედავთ." - ამბობს ბრაიზა.

მეთიუ ბრაიზას შეფასებით, ყოველთვის, როდესაც საქართველოში სუსტდება დემოკრატია და დაძაბულობაა მთავრობასა და ოპოზიციას შორის, გამარჯვებული გამოდის რუსეთი. ბრაიზა აღნიშნავს, რომ ოპოზიციას გაერთიანებული და ძლიერი ზეწოლით მთავრობაზე, აშშ-სა და ევროპის მხარდაჭერის ფონზე შეძლებს პოზიტიური შედეგის მიღწევას.

"ნებისმიერ დროს როდესაც დემოკრატიის შესუსტება ხდება საქართველოში, როდესაც არის მაღალი დონის დაძაბულობა მთავრობასა და ოპოზიციას შორის ერთადერთი გამარჯვებული არის რუსეთი და ეს ასე ხდება ახლაც. მაგრამ თუ ოპოზიცია შეძლებს შეინარჩუნოს თვითკონტროლი, იქნება გაერთიანებული, ძლიერი და მთავრობაზე ზეწოლას მოახდენს, აშშ-ს მხარდაჭერასთან ერთად და ევროპის მხარდაჭერასთან ერთად შედეგი იქნება ძალიან პოზიტიური. არ ვფიქრობ, რომ საქართველო უნდა ელოდოს, რომ აშშ იქნება მედიატორი. ეს არ არის 2007-2008 წელი, როცა ასეთი რაღაცები ხდებოდა. ბაიდენის ადმინისტრაცია აბსოლუტურად ახალია, ჯერ პოლიტიკა არ აქვს შემუშავებული და ელოდება, რომ თვითონ ქართული მხარე, ოპოზიცია იქნება თუ მთავრობა, ქვეყანას მართავენ გარე მხარდაჭერის გარეშე. ძალიან დიდი შესაძლებლობაა ოპოზიციისთვის, რომ მიმართოს პრეზიდენტ ბაიდენს, რომ ჩვენმა მთავრობამ გადადგა ნაბიჯი უკან დემოკრატიის გზაზე, მხარი დაგვიჭირეთ, ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებელი, ჩვენ დემოკრატიულ უფლებებს მშვიდობიანად გამოვიყენებთ და ისეთივე მხარდაჭერა იქნება ალბათ როგორც 2007-2008 წლებში." - ამბობს ბრაიზა.

ბრაიზა ასევე აღნიშნავს, რომ ოპოზიციასთან დაპირისპირების გზა და შესაძლო ძალადობის გამოყენება ანადგურებს ქვეყნის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს რეპუტაციას.

"ოპოზიციასთან დაპირისპირების გზა და შესაძლო ძალადობის გამოყენება, ეს არის წაგების გზა. ეს მხოლოდ საფრთხის ქვეშ დააყენებს საქართველოს ნატოს მისწრაფებებს და გაანადგურებს ქვეყნის რეპუტაციას, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოსი." - ამბობს ბრაიზა.

ბრაიზას შეფასებით, ვადამდელი არჩევნები შეიძლება იყოს გზა, არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით ნებისმირი ეჭვების გასაქარწყლებლად:

"ახალი არჩევნები ნამდვილად იქნებოდა გზა, რომ არჩევნების სამართლიანობაზე ნებისმიერი ეჭვები გაქარწყლებულიყო. ლიტვის ყოფილი პრემიერმინისტრ ანდრიუს კუბილიუსს ჰქონდა ძალიან კარგი იდეა, ადრეული არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, ან ადრეული არჩევნები ან გაგრძელებული კონფლიქტი. არც ოპოზიციას და არც მთავრობას არ სჭირდება გაგრძელებული კონფლიქტი. ერთადერთი გამარჯვებული გაგრძელებული კონფლიქტისა არის რუსეთი... იმის თქმა მინდა, რომ საქართველო არ უნდა ელოდებოდეს, რომ ვიღაც გარედან გადაწყვეტს რა არის შემდეგი ნაბიჯი. ოპოზიცია უნდა იყოს გაერთიანებული და ნათელი ხედვა უნდა ჰქონდეს წინ მიმავალ გზაზე და მოითხოვოს რიგგარეშე არჩევნები და ზეწოლა მოახდინოს მთავრობაზე."

მეთიუ ბრაიზა აღნიშნავს, რომ 2012 წელს ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის უდიდესი მონაპოვარის დაკარგვა საქართველოს ისტორიაში ლაქა იქნება. 

"კიდევ ერთი რასაც ვეტყოდი, 2012 წლის არჩევნებზე ძალიან კარგი რაც იყო, დღევანდელმა ოპოზიციამ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, დაუშვა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა. არჩევნებს არ უწოდებდნენ არათავისუფალს ან უსამართლოს, და პრეზიდენტ სააკაშვილის ლიდერობის დროს მოხდა მშვიდობიანი გადაცემა ძალაუფლების. საქართველოს ისტორიაში ეს იყო ერთადერთი მშვიდობიანი გადაცემა ძალაუფლების. ეს დემოკრატიულად ჯერ კიდევ არ მომხდარა ბევრ ქვეყანაში და ამ უდიდესი მონაპოვარის დაკარგვა ოპოზიციაზე მკაცრი თავდასხმით იქნება ლაქა საქართველოს ისტორიაში. ეს არ უნდა მოხდეს." - თქვა მეთიუ ბრაიზამ.


შსს-ს საპოლიციო ძალები ენმ-ის ოფისში 23 თებერვლის დილას შევიდნენ და ნიკა მელია დააკავეს. ადგილზე მყოფი ადამიანების თქმით, ენმ-ის თავმჯდომარის ოთახში შეჭრილმა სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.

კომენტარები