ნიკა მელიას დაკავება

ოპოზიციური ლიდერები ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრას მართავენ

საგარეო საქმეთა სამინისტრო

ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრას მართავენ. შეხვედრა ელჩის რეზიდენციაში მას შემდეგ შედგა, რაც სპეციალური დანიშნულების რაზმმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია დააკავა. 

ელჩთან შეხვედრაზე შესვლამდე მედიასთან ისაუბრა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. ჟურნალისტების კითხვაზე, დღევანდელი მოვლენების შემდეგ უნდა ველოდოთ თუ არა ელჩებისგან ვადამდელი არჩევნებისკენ მოწოდებას, გიგა ბოკერია პასუხობს, რომ დიპლომატების ენა ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა, "განცხადებებში არსებითი ცვლილებები" ჩანს. 

"ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ პირველად მოვისმინეთ ბრიუსელიდან განცხადებები, EPP-დან და ALDE-დან, რომ მხოლოდ ეს არის სიტუაციის განმუხტვის გზა, პოლიტიკური რეპრესიების შეჩერებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად. 

ამ აბსოლუტურად, კატასტროფულად არანორმალურ ვითარებაში ნორმალური გამოსავალი არის მხოლოდ ვადამდელი არჩევნები, მელიასა და რურუას გათავისუფლება და პოლიტდევნის შეწყვეტა. საქართველოს ყველა მეგობარი ბოლოს თვითონაც ამ დასკვნამდე მივა". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. მანამდე, სამართალდამცველებმა პარტიის ოფისს, სადაც თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა, ალყა შემოარტყეს და მათ 30 წუთი მისცეს. ნიკა მელიას ოფისში შეჭრისას, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ასევე, იყენებდნენ წიწაკის სპრეის. ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა.

კომენტარები