ნიკა მელიას დაკავება

თალაკვაძე: მელიამ პროცესში მეტი ესკალაციის შეტანა განგებ აირჩია

როდესაც თავს აცხადებ კანონგარეშედ, როდესაც ამბობ, რომ ქვეყნის სამართლებრივ წესრიგზე და საკონსტიტუციო ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმა არის ნორმალური და ამას ასაღებ გამოხატვის თავისუფლებად, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხი არის ის, რაც მოხდა ამ შემთხვევაში. ეს არის სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულება. 

თქვენ გახსოვთ, რომ სახელმწიფო კანონის ფარგლებში იყო მაქსიმალურად კომპრომისული და ნიკა მელიას შეთავაზებული ჰქონდა მართლმსაჯულების მხრიდან გირაოს გადახდა. სხვა შემთხვევაში, მან წინასწარ იცოდა, რომ ემუქრებოდა პატიმრობა. შესაბამისად, აშკარაა, რომ მან განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა და მან განგებ აირჩია, რომ უფრო მეტი ესკალაცია შეეტანა პროცესში. 

დღეს დავინახეთ, რომ სამართალდამცველმა სტრუქტურებმა ძალის გადამეტების გარეშე შეასრულეს თავისი მოვალეობა და მთელი საზოგადოების თვალწინ სრულიად გამჭვირვალედ ჩატარდა დაკავება. ნიკა მელია წარსდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე და იქ ექნება საშუალება, საკუთარი არგუმენტები წარადგინოს...

ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას. ნიკა მელია სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარტიის ოფისიდან გაიყვანა, სადაც შეკრებილები იყვნენ სხვა ოპოზიციური ლიდერები და მხარდამჭერები. შსს-მ ძალის გამოყენებით დაატოვებინა შენობა მხარდამჭერებს და გაუშვა წიწაკის გაზი, რასაც დასავლელი პარტნიორების მხრიდან მკაცრი შეფასებები მოჰყვა. 

კომენტარები