მიანმარი

მიანმარის საპროტესტო აქციებს პირველი მსხვერპლი მოჰყვა

CNN

მიანმარის საპროტესტო აქციების დროს ერთი კვირის წინ თავის არეში დაჭრილი ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა. 

ეს პირველი ცნობილი მსხვერპლია, რომელიც მიანმარში სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ გამართულ ორკვირიან საპროტესტო აქციებს მოჰყვა. 

20 წლის მია თვე  ქაინი 9 თებერვლის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას თავის არეში ესროლეს, მიანმარის დედაქალაქ ნაიფიიდოში გამართული აქციის დროს.

ცნობების მიხედვით, 20 წლის გოგოს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და მისი ჭრილობა რეზინის ტყვიის მიერ მიყენებული არ ყოფილა. 

20 წლის გოგოს მემორიალი
ფოტო:CNN

ერთი კვირის წინ ინტერნეტში ტრიალებდა ვიდეო, მოულოდნელად როგორ ეცემა მია, რომელიც წყლის ჭავლს ემალებოდა. 

შემთხვევას გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო ამნისტია. ორგანიზაციამ გადახედა არსებულ ვიდეოჩანაწერებსა და ფოტოებს. მისი წარმომადგენლების თქმით, მასალებში ჩანდა პოლიციელი, რომელსაც Uzi-ს მსგავსი, მიანმარული  წარმოების ნახევრად-ავტომატური იარაღი ეჭირა. საერთაშორისო ამნისტიის განცხადებით, ეს პოლიციელი გარდაცვლილი გოგოს მოპირდაპირე მხარეს იდგა. 

მიანმარელი პოლიციელი მიანმარული წარმოების Uzi-ს მსგავსი ნახევრად-ავტომატური იარაღით.
ფოტო აღებულია სოციალური ქსელებიდან

10 თებერვალს მიანმარის არმიამ საკუთარი Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა, რომ ისინი ცეცხლსასროლ  იარაღს არ იყენებდნენ და მათ ორი დემონსტრანტის დაზიანებასთან დაკავშირებული ცნობების გამოძიება დაიწყეს. 

ახალგაზრდა გოგოს სიკვდილმა მიანმარის სამხედრო ძალების მიერ ძალის გადაჭარბებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნა გამოიწვია. 

20 წლის გოგო ჯერ კიდევ 9 თებერვლიდან დემონსტრანტების პროტესტის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა, მას შემდეგ, რაც მისი სურათები აქციებზე გამოჰქონდათ. 


პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცა, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინს. ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი, დააკავეს. ისინი შინაპატიმრობაში არიან.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

კომენტარები