გამოხმაურებები ნიკა მელიას საქმეზე

კონოლი: უკანასკნელი პოლიტიკური ტენდენციები დემოკრატიის ფუნქციონირებას ხელს უშლის

ჯერალდ კონოლი

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ჯერალდ კონოლი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაზე და მისი დაკავების გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს.

"როგორც ნატო საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს შეშფოთებით ვაკვირდები.

მოვუწოდებ როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე ოპოზიციას თავშეკავების და კრიზისისა და განსხვავებების მშვიდობიანი მოლაპარაკებების მეშვეობით გადაჭრისათვის მუშაობისაკენ.

ღრმად მწამს, რომ ჯანსაღი დემოკრატია არის საქართველოს პოტენციალის სრულად გამოვლენის ერთადერთი გზა. სამწუხაროდ, უკანასკნელი პოლიტიკური ტენდენციები, მათ შორის პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავება, საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებში არსებული სამართლიანი დემოკრატიის ფუნქციონირებას ხელს უშლის.

სულ რაღაც 10 დღის წინ, კონგრესში დავარეგისტრირე საქართველოს მხარდაჭერის აქტი. კანონპროექტი აჩვენებს აშშ-ს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისადმი, განსაკუთრებით რუსული აგრესიის პირობებში. ის ასევე ხაზს უსვამს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განვითარების მნიშვნელობას, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, საჯარო სექტორი გამჭვირვალობის და პასუხისმგებლიანობის, კანონის უზენაესობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის.

გაჭიანურებული პოლიტიკური ჩიხის დაძლევა საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ დიალოგისა და უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ნდობის წარმოშობისათვის საჭირო პირობების შექმნით.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მზადაა გააგრძელოს ამ მხრივ საქართველოს მხარდაჭერა. საერთო დემოკრატიული ღირებულებები ნატოს წევრ ქვეყნებსა და საქართველოს მსგავს პარტნიორებს შორის ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღია ავტოკრატიების წინააღმდეგ მოსკოვში, პეკინში და სხვაგან". – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიც. დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოიქცეს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად.


16 თებერვალს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. 

მანამდე, საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. ვადა ამოიწურა - მელიამ გირაო არ გადაიხადა. როგორც მელია ამბობს, მას ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა." 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რის შემდეგაც, ენმ-ს ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეიკრიბნენ. ისინი ამბობდნენ, რომ არ გაატანდნენ ნიკა მელიას პოლიციას და მას ფიზიკურად დაიცავენ. 

მას შემდეგ, რაც ენმ-ს ოფისში მთელი ღამის განმავლობაში ელოდნენ აღსრულების სამსახურის გამოჩენას, 18 თებერვალს დილით პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ თანამდებობას ტოვებს. გახარიას თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გუნდთან ერთობლივ შეთანხმებას ვერ მიაღწია. 

გახარიას გადადგომის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, პრემიერმინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო მელიას დაკავება გადადეს.

18 თებერვალს შუადღით ქართულმა ოცნებამ პრემიერობის კანდიდატად პოლიტიკური მდივანი, ასევე თავდაცვის და შს ყოფილი მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. ის ერთხელ უკვე იყო ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მეთაური - 2013 წლიდან 2015 წლის დეკემბრამდე.

კომენტარები