ნიკა მელიას საქმე

ლიტვის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში ოპოზიციასთან შესახვედრად ჩამოდის

მთავარი არხი

ლიტვის პარლამენტის წევრის, ჟიგიმანტა პავილიონის ცნობით, ლიტვის საპარლამენტო დელეგაცია ხვალ, 18 თებერვალს საქართველოში ჩამოსვლას აპირებს, რათა  შეხვდეს ოპოზიციის ლიდერებს.

ამის შესახებ ჟიგიმანტა პავილიონმა მთავარის ეთერში ისაუბრა.

“ვაორგანიზებთ საპარლამენტო დელეგაციას, სავარაუდოდ, ხვალ ჩამოვფრინდებით, შევხვდებით ოპოზიციის ყველა ლიდერს. იმედი მაქვს, ნიკა მელია თავისუფალი  დაგვხვდება და ასევე შევეცდებით, შევხვდეთ მთავრობას”. – ამბობს ჟიგიმანტა პავილიონი. მთავარი არხის თარგმანი. 

ჟიგიმანტა პავილიონის თქმით, დელეგაცია შეხვდება მთავრობასაც, რათა მოუწოდოს ნიკა მელიას დაჭერასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისკენ. 

“მე ვესაუბრე მთავრობის წევრებს და უკვე ვუთხარი, რომ ძალიან დიდი შეცდომა იქნება ამ გზით სიარული. დასავლეთში, ევროპაში ჩვენ არ ვაპატიმრებთ ოპოზიციის ლიდერებს. მე ეს ყველაფერი ნავალნისა და პუტინის ისტორიას მაგონებს. ნატოსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისთვის ეს თვითმკვლელობა იქნება. თქვენი ევროპული მომავლისთვის ჩვენ ვიბრძვით და არ მგონია, ბევრი ასეთი მეგობარი გყავდეთ. ახლა მოდის ბაიდენის ადმინისტრაცია, რომელთანაც მე აშშ-ს ელჩობის დროს დიდხანს ვმუშაობდი, ვიცი ეს ხალხი, მათთვის მთავარია დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ღირსება, თუკი ეს მთავრობა მართლაც ფიქრობს ევროკავშირის წევრობას და ჩვენ გვაქვს სიგნალები, რომ ეს შეძლება ნატოს შემთხვევაში უფრო ადრეც მოხდეს, ამიტომ არც კი იფიქროთ ასეთი ნაბიჯების გადადგმაზე. რუსეთი მუდმივად ცდილობდა ჩვენს დაყოფას, ახლაც რუსეთი ცდილობს თქვენს პროვოცირებას, მაგრამ იყავით ჭკვიანები ". – ამბობს ჟიგინამტა პავილიონი


16 თებერვალს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. 

მანამდე, საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. ვადა ამოიწურა - მელიამ გირაო არ გადაიხადა. როგორც მელია ამბობს, მას ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა." 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რის შემდეგაც, ენმ-ს ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეიკრიბნენ. ისინი ამბობდნენ, რომ არ გაატანდნენ ნიკა მელიას პოლიციას და მას ფიზიკურად დაიცავენ. 

მას შემდეგ, რაც ენმ-ს ოფისში მთელი ღამის განმავლობაში ელოდნენ აღსრულების სამსახურის გამოჩენას, 18 თებერვალს დილით პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ თანამდებობას ტოვებს. გახარიას თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გუნდთან ერთობლივ შეთანხმებას ვერ მიაღწია. 

გახარიას გადადგომის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, პრემიერმინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო მელიას დაკავება გადადეს

კომენტარები