ბრიტანეთი-ჩინეთი

ბრიტანეთი: ჩინეთმა Covid-19-ზე ჯანმო-სთან უნდა ითანამშრომლოს

დომინიკ რააბი
Reuters

ბრიტანეთში განაცხადეს, რომ ჩინეთმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან უნდა ითანამშრომლოს კორონავირუსის წარმოშობის საკითხზე. 

აშშ-მ და ბრიტანეთმა შეშფოთება გამოხატეს ჩინეთში ჯანმო-ს ჯგუფისთვის მიცემული წვდომის დონის გამო.

"ჩვენ სრული თანამშრომლობა გვინდა" - თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა. 

მან აღნიშნა, რომ მსოფლიომ უნდა გაიგოს ვირუსის წარმოშობის დეტალები, რადგან შემდეგ შეიძლება დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი და ასევე, ეს საჭიროა იმისთვის, რომ მათთვის გაკვეთილი იყოს. 

ჯანმო-ს მკვლევრების განცხადებით, ჩინეთმა უარი განაცხადა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის მიეწოდებინა პირველადი მონაცემები Covid-19-ის ადრეული შემთხვევების შესახებ.

"ჩინეთის ხელისუფლებამ უარი თქვა Covid-19-ის 174 შემთხვევის  მონაცემების მიწოდებაზე, რომლებიც მათ 2019 წლის დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უხანში დაადგინეს [ვირუსის] გავრცელების ადრეულ ეტაპზე". - წერს WSJ. 

15 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანმო-ს მკვლევართა ჯგუფმა, რომელიც კოვიდ-19-ის წარმოშობასა და გავრცელების დეტალებს იკვლევს, დაადგინა, რომ ჩინეთში, ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში კოვიდ-19-ის გავრცელების მაჩვენებელი იმაზე დიდი იყო, ვიდრე აქამდე ეგონათ. ასევე, მკვლევართა ჯგუფის წარმომადგენლის თქმით, 2019 წლის დეკემბერში, ამ ქალაქში, ვირუსის 13-მდე შტამი არსებობდა.

მანამდე, უხანში ჯანმო-ს ჯგუფის თითქმის ერთთვიანი ვიზიტის შემდეგ ჯანმო-ს ჯგუფის ხელმძღვანელმა, პიტერ ბენ ემბარეკმა, განაცხადა, რომ ვირუსის სავარაუდო წყაროდ კვლავ ღამურა რჩება, მან ისიც აღნიშნა, რომ ვირუსის გადაცემა გაყინული საკვებით ვარაუდია, რომელიც შემდგომ უნდა გამოიძიონ, ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის ალბათობაზე კი თქვა, რომ ეს ძალზე ნაკლებად სავარაუდოა და ამის შემდგომი შესწავლა საჭირო არ არის. 

"შესაძლო გზა ცხოველთა ორიგინალური სახეობებიდან ხუნანის ბაზრობამდე შეიძლება ძალიან გრძელი და მიხვეულ-მოხვეული ყოფილიყო და ის საზღვრებს მიღმა გადაადგილებასაც მოიცავდეს". - თქვა მან. 

ჩინეთი ხშირად უსვამს ხაზს მოსაზრებას, რომ ვირუსი, შესაძლოა, გაყინული საკვებიდან ადამიანზე გადასულიყო და განუწყვეტლივ აშუქებენ სიახლეებს იმპორტირებული საკვების შეფუთვიდან კორონავირუსის კვალის პოვნის შესახებ. 


შეგახენებთ, რომ არსებული ცნობებით, ახალი კორონავირუსი ცენტრალური ჩინეთის ხუპეის პროვინციის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო, თუმცა ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა, ახშობდა, ექიმებს აჩუმებდა და ა.შ. 

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 15 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტა დააანონსა. მან განაცხადა, რომ ჯანმო-ს მოქმედებებმა ხელი შეუწყო ჩინეთს დეზინფორმაციიის გავრცელებაში ახალი კორონავირუსის შესახებ, რამაც დაავადების უფრო მასშტაბური გავრცელება განაპირობა. კორონავირუსის გავრცელების პირველ დღეებში ჩინეთის და ჯანმო-ს ქმედებებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში როგორ გადაიქცა ჯანმო ჩინეთის დაცვის ორგანიზაციად. მას შემდეგ აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა დააანონსა, რომ აშშ ჯანმო-ში დაბრუნდება.

კომენტარები