ბრიტანეთი-ჯანმო

ბრიტანეთი ჩინეთში ჯანმო-ს ჯგუფისთვის მიცემული წვდომის დონის გამო იზიარებს აშშ-ს შეშფოთებას

დომინიკ რააბი
REUTERS

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა თქვა, რომ ის იზიარებს შეშფოთებას ჩინეთში ჯანმო-ს მკვლევართა მისიისთვის მიცემული წვდომის დონის გამო, რითაც ეხმიანება აშშ-ს კრიტიკას. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს

რააბს BBC-ს ეთერში ჰკითხეს აშშ-ს რეაქციის შესახებ, რაზეც მან უპასუხა - "ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებას იმის გამო, რომ მათ მიიღონ სრული თანამშრომლობა და მათთვის საჭირო პასუხები, ამიტომ ჩვენ [ვიმუშავებთ] იმისათვის რომ მათ სრული წვდომა ჰქონდეთ და მიიღონ ყველა ის მონაცემი, რაც საჭიროა იმ კითხვებზე პასუხის გასაცემად. ვფიქრობ, უმეტესობას სურს მოისმინოს პასუხები კითხვებზევირუსის გავრცელების შესახებ".

თეთრმა სახლმა ჩინეთს მოუწოდა, რომ მან ხელმისაწვდომი გახადოს Covid-19-ის გავრცელების პირველი დღეებიდან არსებული ინფორმაცია.

"ჯანმო-ს ხელახლა ჩართვა უმაღლესი სტანდარტების ქონას გულისხმობს. ჩვენ ძალზე შეშფოთებული ვართ COVID-19-ის გამოძიების ადრეული დასკვნების გამო და გვაქვს კითხვები მათ მისაღებად გამოყენებულ პროცესთან დაკავშირებით". - აღნიშნა თეთრის სახლის ეროვნული უშიშროების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა.

სალივანის განცხადებით, აუცილებელია, რომ დაცული იყოს ორგანიზაციის სანდოობა. 

"აუცილებელია, [ჯანმო-ს] ეს ანგარიში იყოს დამოუკიდებელი, ექსპერტების მიგნებები თავისუფალი იყოს ჩინეთის მთავრობის ჩარევის ან ცვლილებისაგან". - წერს სალივანი. 

ჯანმო-ს მკვლევრების განცხადებით, ჩინეთმა უარი განაცხადა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის მიეწოდებინა პირველადი მონაცემები Covid-19-ის ადრეული შემთხვევების შესახებ.

"ჩინეთის ხელისუფლებამ უარი თქვა Covid-19-ის 174 შემთხვევის  მონაცემების მიწოდებაზე, რომლებიც მათ 2019 წლის დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უხანში დაადგინეს [ვირუსის] გავრცელების ადრეულ ეტაპზე". - წერს WSJ. 

უხანში ჯანმო-ს ჯგუფის თითქმის ერთთვიანი ვიზიტის შემდეგ ჯანმო-ს ჯგუფის ხელმძღვანელმა, პიტერ ბენ ემბარეკმა, განაცხადა, რომ ვირუსის სავარაუდო წყაროდ კვლავ ღამურა რჩება, მან ისიც აღნიშნა, რომ ვირუსის გადაცემა გაყინული საკვებით ვარაუდია, რომელიც შემდგომ უნდა გამოიძიონ, ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის ალბათობაზე კი თქვა, რომ ეს ძალზე ნაკლებად სავარაუდოა და ამის შემდგომი შესწავლა საჭირო არ არის. 

"შესაძლო გზა ცხოველთა ორიგინალური სახეობებიდან ხუნანის ბაზრობამდე შეიძლება ძალიან გრძელი და მიხვეულ-მოხვეული ყოფილიყო და ის საზღვრებს მიღმა გადაადგილებასაც მოიცავდეს". - თქვა მან. 

ჩინეთი ხშირად უსვამს ხაზს მოსაზრებას, რომ ვირუსი, შესაძლოა, გაყინული საკვებიდან ადამიანზე გადასულიყო და განუწყვეტლივ აშუქებენ სიახლეებს იმპორტირებული საკვების შეფუთვიდან კორონავირუსის კვალის პოვნის შესახებ. 

მას შემდეგ, რაც ჯანმო-ს წარმომადგენლებმა ჩინეთში ვიზიტი დაასრულეს, ვაშინგტონმა განაცხადა, რომ სურს, შეისწავლოს მონაცემები, რომლებსაც გუნდი იყენებს. აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის სრულად არ გასაჯაროების გამო ჩინეთის შესაძლო დასჯის შესახებ კითხვაზე თქვა, რომ მას სურს, გაიგოს ყველა ფაქტი. 


შეგახენებთ, რომ არსებული ცნობებით, ახალი კორონავირუსი ცენტრალური ჩინეთის ხუპეის პროვინციის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო, თუმცა ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა, ახშობდა, ექიმებს აჩუმებდა და ა.შ.

აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, გასული წლის მაისში თქვა, რომ მრავალი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთში ვუხანის ლაბორატორიიდან წამოვიდა.

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 15 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტა დააანონსა. მან განაცხადა, რომ ჯანმო-ს მოქმედებებმა ხელი შეუწყო ჩინეთს დეზინფორმაციიის გავრცელებაში ახალი კორონავირუსის შესახებ, რამაც დაავადების უფრო მასშტაბური გავრცელება განაპირობა. კორონავირუსის გავრცელების პირველ დღეებში ჩინეთის და ჯანმო-ს ქმედებებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში როგორ გადაიქცა ჯანმო ჩინეთის დაცვის ორგანიზაციად

მას შემდეგ აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა დააანონსა, რომ აშშ ჯანმო-ში დაბრუნდება.

კომენტარები