ნიკა მელიას საქმე

წერეთელი მელიას საქმეზე: სამწუხაროდ, ხელისუფლება სპობს დიალოგის საშუალებას

გიგი წერეთელი
ევროპული საქართველო

სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ისედაც ამ დამძიმებულ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად აუარესებს ვითარებას, სპობს დიალოგის საშუალებას და კიდევ უფრო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შეჰყავს ქვეყანა – ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი ნიკა მელიას საქმეზე კომენტარს აკეთებს. ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ  სასამართლოს მიმართა, ენმ-ის თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიება, გირაო, პატიმრობით შეეცვალოს. 

წერეთლის თქმით, ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და მას იმედი აქვს, რომ სასამართლო ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

"თუ ვიმედოვნებთ კიდევ და თუ ოდნავ მაინც არსებობს გონიერება, დღეს სასამართლომ უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც განმუხტავს ამ ვითარებას და არ გამოიწვევს ნიკა მელიას პატიმრობას. ყველამ კარგად დაინახა, როგორ არის დღეს კონსოლიდირებული მთელი ოპოზიციური სპექტრი და ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი. ამიტომ, დღეს სასამართლოზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ სცენარი ყველაზე ცუდად არ განვითარდება. მაგრამ, როგორც არ უნდა განვითარდეს, პირველ რიგში არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა". – ამბობს წერეთელი


ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზე ჩაინიშნა. 

88 მომხრე, 2 წინააღმდეგი - პარლამენტმა  ნიკა მელიას იმუნიტეტი გუშინ, 16 თებერვალს  მოუხსნა.  იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ  სასამართლოს მიმართა, ენმ-ის თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიება, გირაო, პატიმრობით შეეცვალოს. 

პარლამენტს მელიას დაპატიმრებაზე ნებართვის არგაცემისკენ მოუწოდებდნენ სახალხო დამცველი და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. TI-ის განცხადების მიხედვით, "ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მიმართ ამგვარი შერჩევითი დევნა დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს და იწვევს პოლიტიკური გარემოს კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას". ნინო ლომჯარიას შეფასებით კი ოპოზიციონერების მიმართ პატიმრობის გამოყენება "მხოლოდ და მხოლოდ აზარალებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და ნდობას სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ."

საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. ვადა ამოიწურა - მელიამ გირაო არ გადაიხადა. როგორც ის ამბობს, მას ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა." 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.


 

კომენტარები