ნიკა მელიას საქმე

მდინარაძე მელიაზე: მისაღები პრეტენზიაა – ჰუმანურად, ლმობიერად რატომ მოექცა პროკურატურა?

პარლამენტი

"მისაღები პრეტენზიაა - ჰუმანურად, ლმობიერად რატომ მოექცა პროკურატურა მელიას?" - ამობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე საუბრისას. 

"დღეს ერთადერთი სამართლებრივი პრეტენზია არის ის, რატომ არ დაუმძიმა გირაოს პირობების დარღვევისთანავე პატიმრობით პროკურატურამ მელიას აღკვეთის ღონისძიება. ეს მისაღები პრეტენზიაა - ჰუმანურად რატომ მოიქცა, ლმობიერად რატომ მოექცა პროკურატურა მელიას და იმწუთასვე რატომ არ დაიჭირა და რატომ არ შემოვიდა პარლამენტში შუამდგომლობით". - ამბობს მდინარაძე. 

მამუკა მდინარაძის თქმით, "თუ ვინმე ოდნავ ობიექტურად პროცესებს დააკვირდება", ვერ დადებს არგუმენტს, თუ რატომ არ უნდა დაეჭირა პარლამენტს მხარი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნისთვის.

"ადამიანი პირდაპირ ამბობს, მე გავდივარ კანონის ჩარჩოებიდან, უარს აცხადებს გირაოს შეტანაზე, რომელიც სასამართლოს მიერ აქვს დაკისრებული. ამ დროს რატომ არ უნდა მოუხსნას პარლამენტმა იმუნიტეტი? არანაირი საფუძველი არ არსებობს". - ამბობს მამუკა მდინარაძე. 

88 მომხრე, 2 წინააღმდეგი - პარლამენტმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა

ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ საქართველოს პროკურატურა სასამართლოს მიმართავს, ენმ-ის თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიება, გირაო, პატიმრობით შეეცვალოს.   

პარლამენტს მელიას დაპატიმრებაზე ნებართვის არგაცემისკენ მოუწოდებდნენ სახალხო დამცველი და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. TI-ის განცხადების მიხედვით, "ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მიმართ ამგვარი შერჩევითი დევნა დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს და იწვევს პოლიტიკური გარემოს კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას". ნინო ლომჯარიას შეფასებით კი ოპოზიციონერების მიმართ პატიმრობის გამოყენება "მხოლოდ და მხოლოდ აზარალებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და ნდობას სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ."


საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. ვადა ამოიწურა - მელიამ გირაო არ გადაიხადა. როგორც ის ამბობს, მას ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა." 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები