ნიკა მელიას საქმე

პროკურორი: დაპატიმრების გადაწყვეტილების მიღებამდე, მელიას გირაოს გადახდა შეეძლება

პროკურორ ამირან გულუაშვილის თქმით, სასამართლოს  მთავარი პროკურატურა დღესვე მიმართავს, რომ ენმ-ის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება, გირაო, პატიმრობით შეეცვალოს.   

პროკურორის თქმით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კანონის შესრულება ყველა ადამიანისთვის ერთნაირად სავალდებულოა. მისივე თქმით, სასამართლო სხდომა შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში გაიმართება, თუმცა ზუსტ დროს ვერ ასახელებს. 

"საქართველოს პარლამენტის დადგენილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ფაქტი იმისა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების, ისევე როგორც კანონის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ადამიანისთვის, მიუხედავად მისი თანამდებობისა და პოლიტიკური მიკუთვნებულობისა. 

რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს, გათვალისწინებულია სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვა, რისი უფლებამოსილებაც გააჩნია ბრალდებულს. შესაბამისად, დღესვე ბრალდების მხარე უზრუნველყოფს შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენას თბილისის საქალაქო სასამართლოში. 

ვინაიდან საკითხი ეხება აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, კანონმდებლობის თანახმად, სასამართლომ მოკლე ვადებში უნდა ჩანიშნოს შესაბამისი სასამართლო სხდომა, სადაც მოხდება მხარეთა არგუმენტების მოსმენა". - ამბობს გულუაშვილი. 

როგორც პროკურორი განმარტავს, გირაოს გადახდა ნიკა მელიას შეეძლება მანამდე, სანამ სასამართლო მისი დაპატიმრების თაობაზე არ მიიღებს გადაწყვეტილებას. 

"გირაოს გამოყენების აუცილებლობა დგას პირველ რიგში იმისთვის, რომ ბრალდებულმა უზრუნველყოს სათანადო ქცევა, რაც შეიძლება გამოიხატოს სასამართლოში დაბარების შემდეგ გამოცხადებით. თქვენ როგორც იცით 5 თებერვალს ჩვენ მიერ დაბარებული იყო ნიკა მელია. მიუხედავად ამისა, მან უარი განაცხადა გამოცხადებაზე. 

გირაოს გადახდა სამართლებრივად შესაძლებელია მანამდე, სანამ სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ნიკანორ მელიას პატიმრობის თაობაზე. 

დღეს ბრალდების მხარე მიმართავს შუამდგომლობას. სასამართლომ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში უნდა უზრუნველყოს შესაბამისი სხდომის გამართვა, კონკრეტულად როდის გაიმართება, რა თქმა უნდა წინასწარ ვერ გეტყვით". - ამბობს გულუაშვილი. 


88 მომხრე, 2 წინააღმდეგი - პარლამენტმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა. 

ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ საქართველოს პროკურატურა სასამართლოს მიმართავს, ენმ-ის თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიება, გირაო, პატიმრობით შეეცვალოს.   

პარლამენტს მელიას დაპატიმრებაზე ნებართვის არგაცემისკენ მოუწოდებდნენ სახალხო დამცველი და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. TI-ის განცხადების მიხედვით, "ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მიმართ ამგვარი შერჩევითი დევნა დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს და იწვევს პოლიტიკური გარემოს კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას". ნინო ლომჯარიას შეფასებით კი ოპოზიციონერების მიმართ პატიმრობის გამოყენება "მხოლოდ და მხოლოდ აზარალებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და ნდობას სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ."

იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერდა, 13 თებერვალს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, "ჩვენი, როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალის, ამოცანაა, უზრუნველვყოთ კანონის უზენაესობა, უპირობოდ დავიცვათ თანასწორობის პრინციპი და ჩვენი გადაწყვეტილებით არ შევაფერხოთ მართლმსაჯულების აღსრულება.

კომენტარები