ნიკა მელიას საქმე

ქართული ოცნება ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს

ქართული ოცნება ენმ-ძალა ერთობაშიას თავმჯდომარეს, ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილებას შეუჩერებს. თქვა  უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

"ჩვენი, როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალის, ამოცანაა, უზრუნველვყოთ კანონის უზენაესობა, უპირობოდ დავიცვათ თანასწორობის პრინციპი და ჩვენი გადაწყვეტილებით არ შევაფერხოთ მართლმსაჯულების აღსრულება. სამწუხაროდ, ნიკა მელიას, ისევე, როგორც ენმ-ის, მიზანი არის აბსოლუტურად საპირისპირო და ისინი მიზანმიმართულ პროვოკაციას უწყობენ მართლმსაჯულების სისტემას, სახელმწიფოს და საზოგადოების ნდობას ინსტიტუტების მიმართ. 

ამავდროულად, მან საკუთარი თავი ასეთი ალტერნატივის წინაშე დააყენა - უწევს, ან ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას, სახელმწიფოს და გადაიხადოს გირაო, ან თავადვე დაიმძიმოს აღკვეთის ღონისძიება. ჩვენ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხის განხილვა აღარ გადავდეთ, რათა მან წინასწარ იცოდეს გუნდის საერთო პოზიცია - უმრავლესობა მხარს დაუჭერს მისთვის იმუნიტეტის მოხსნას, მას კიდევ აქვს დრო და შესაძლებლობა, მიიღოს არა პროვოკაციული დღის წესრიგით ნაკარნახევი პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ პატივი სცეს საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას და გადადგას სამართლებრივად სწორი, კანონის მოთხოვნების შესაბამისი ნაბიჯი". - თქვა მდინარაძემ. 


საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების, გირაოს პატიმრობით შეცვლის საკითხზე სასამართლოსთვის მიმართვაზე თანხმობისთვის საქართველოს პარლამენტს მიმართა.

საქართველოს პროკურატურის მიერ მელიასთვის მიცემული ერთკვირიანი ვადა ამოიწურა - ნიკა მელიამ გირაოს თანხა არ გადაიხადა.  

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები