ნიკა მელიას საქმე

დავითულიანი მელიაზე: სადაც არ უნდა ჩაიკეტოს, მართლმსაჯულება მაინც აღსრულდება

ბექა დავითულიანი
ტაბულა

"სადაც არ უნდა ჩაიკეტოს, ვინც არ უნდა ჩაიკეტოს, თუ ვინმე დაარღვევს კანონს, მის მიმართ მართლმსაჯულება მაინც აღსრულდება". - ამბობს ქართული ოცნების წევრი, ბექა დავითულიანი ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიაზე. 

"კანონდარღვევაა, როცა სასამართლოზე არ გამოცხადდები და დეკლარირებულად გვეუბნებიან, რომ სასამართლოზე ნიკა მელია არ გამოცხადდება. პროკურატურა არა უფლებამოსილი, არამედ ვალდებულია, მართლმსაჯულების წინაშე წარადგინოს სამართალდამრღვევი. 

მომაკვდავი პარტიის ლიდერისთვის იმუნიტეტის მოხსნა და ამით მისი პოლიტიკური გაცოცხლება, ოპოზიციისთვსი მოკლევადიანი საბაბის მიცემა, შეიძლება მიზანშეწონილი არ ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ამოვდივართ სახელწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე". - ამბობს დავითულიანი.  

სოზარ სუბარის თქმით, პარტიას აქვს ინფორმაცია, რომ იმუნიტეტის მოხსნისა და სასამართლოს მიერ პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია აპირებს, პარტიის ოფისში ჩაიკეტოს და "წინ აიფაროს ადამიანები". 

პარლამენტი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას განიხილავს. პროკურატურა აპირებს,  სასამართლოს მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების, გირაოს პატიმრობით შეცვლაზე მიმართოს. 

იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს, 13 თებერვალს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, "ჩვენი, როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალის, ამოცანაა, უზრუნველვყოთ კანონის უზენაესობა, უპირობოდ დავიცვათ თანასწორობის პრინციპი და ჩვენი გადაწყვეტილებით არ შევაფერხოთ მართლმსაჯულების აღსრულება."


საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. ვადა ამოიწურა - მელიამ გირაო არ გადაიხადა. როგორც ის ამბობს, მას ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა." 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები