ნიკა მელიას საქმე

სუბარი: მელია აპირებს, ენმ-ის ოფისში ჩაიკეტოს და წინ ადამიანები აიფაროს – გვაქვს ინფორმაცია

სოზარ სუბარი

როგორც ქართული ოცნების წევრი, სოზარ სუბარი  ბრიფინგზე ამბობს, პარტიას აქვს ინფორმაცია, რომ სასამართლოს მიერ პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია აპირებს, პარტიის ოფისში ჩაიკეტოს და "წინ აიფაროს ადამიანები". 

"ნაციონალური მოძრაობის წევრებისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ ნიკა მელია არ აპირებს, გამოცხადდეს სასამართლოში, აპირებს, ჩაიკეტოს ნაციონალური მოძრაობის ოფისში და წინ აიფაროს ადამიანები, როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთა 20 ივნისს. ეს ადამიანები იქნებიან ნაციონალური მოძრაობის წევრები თუ უბრალო აქტივისტები, ინფორმაცია არ გვაქვს". - თქვა სოზარ სუბარმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს.   

პროკურატურის მიერ მელიასთვის მიცემული ერთკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ უწყებამ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების, გირაოს პატიმრობით შეცვლის საკითხზე სასამართლოსთვის მიმართვაზე თანხმობისთვის საქართველოს პარლამენტს მიმართა. იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერდა, 13 თებერვალს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. 


პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები