"ჩემთვის ნიკანორ მელია, გავრილოვი და ნაციონალური მოძრაობა არის ერთი მედლის ორი მხარე". - ამბობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიაზე საუბრისას.
"ყოველთვის მაშველ რგოლად ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი. ერთ დღეს გავრილოვი გავისტუმრეთ საქართველოდან იმ ქმედებისთვის, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო იყო. შესაბამისად, მაშველ რგოლად ევლინება ხოლმე ნაციონალურ მოძრაობას". - ამბობს ანრი ოხანაშვილი.
რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა ტვ. პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ოპოზიცია საქართველოს იმიჯის შელახვას ცდილობს. გავრილოვი ასევე გამოეხმაურა ნიკა მელიას შესაძლო დაკავების ფაქტს და თქვა, რომ საქართველოს მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, სახელმწიფო ამბოხი, რეპრესიები და დიქტატურა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნას მხარი დაუჭირეს.
პროკურატურის მიერ მელიასთვის მიცემული ერთკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ უწყებამ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების, გირაოს პატიმრობით შეცვლის საკითხზე სასამართლოსთვის მიმართვაზე თანხმობისთვის საქართველოს პარლამენტს მიმართა. იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნას მხარს დაუჭერდა, 13 თებერვალს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.
პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.
20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.