ნიკა მელიას საქმე

გავრილოვი მელიას საქმეზე: მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს, ამბოხი რომ აღარ იყოს

სერგეი გავრილოვი
Duma

"საქართველოს მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, სახელმწიფო ამბოხი, რეპრესიები და დიქტატურა".- ამბობს რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას სავარაუდო დაკავების შესახებ. 

გავრილოვი ტვ პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ოპოზიცია საქართველოს იმიჯის შელახვას ცდილობს. 

"ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს, მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სასარგებლოდ. ოპოზიციისა და გადატრიალებაში მონაწილეების ერთ-ერთი მიზანია მაქსიმალურად გაართულონ საქართველოს ურთიერთობა, ეკონომიკურ, კულტურულ და სულიერ საკითხებში მის შესაძლო პარტნიორებთან, მოახდინონ საქართველოს მაქსიმალური დისკრედიტაცია და მოსწყვიტონ ის მეგობრებისგან. ის სიცრუე, რომელიც იღვრება მაშინდელი მოვლენების ინტერპრეტირებისას ბატონი მელიას მიერ, რომელსაც მე არ ვიცნობ, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე, 100%-იანი სიცრუის, ცდილობენ, შელახონ საქართველოს იმიჯი, სტუმართმოყვარე და მეგობრული ქვეყნის, მეზობლების თვალში".- აცხადებს რუსი დეპუტატი ტვ. პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში. 


ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე პარლამენტი ხვალ, 16 თებერვალს იმსჯელებს, თუმცა ქართულმა ოცნებამ უკვე განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს.

საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების, გირაოს პატიმრობით შეცვლის საკითხზე სასამართლოსთვის მიმართვაზე თანხმობისთვის საქართველოს პარლამენტს მიმართა.

საქართველოს პროკურატურის მიერ მელიასთვის მიცემული ერთკვირიანი ვადა ამოიწურა - ნიკა მელიამ გირაოს თანხა არ გადაიხადა.  

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

2019 წლის 20 ივნისს ხელისუფლებამ მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო, ანტირუსული აქცია სპეცრაზმის გამოყენებით – წყლის ჭავლით, რეზინის და ე. წ. დათვის, წითელი რაკეტისებრი ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა. დაშავდა ათობით ადამიანი, მათგან 38 ჟურნალისტი. ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა. ხელისუფლება აცხადებს, რომ დემონსტრანტები სახელმწფო გადატრიალებას გეგმავდნენ. 20 ივნისის აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი ჩაჯდა.

კომენტარები