ევროპული საქართველო

გაბაშვილი: გიგა ბოკერიამ შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს მისი საქმე და არჩევანია

რუსთავი 2

ევროპული საქართველოს წევრი, გოკა გაბაშვილი ამბობს, რომ პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას გადაწყვეტილება, აქტიური პოლიტიკის გაგრძელებასთან დაკავშირებით, არასწორია და მან "შეცდომა დაუშვა". ამ კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს

გოკა გაბაშვილის თქმით, ყველა იმ გაყალბებისა და მანიპულაციებისაგან დამოუკიდებლად, რასაც ადგილი ჰქონდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, პარტიის შედეგებიდან გამომდინარე, ლიდერშიფს უნდა მიეღო გადაწყვეტილება და პარტიის მართვასა და თანამდებობებს ჩამოშორებოდნენ. 

"ეს არ ნიშნავს, რომ თანაგუნდელობა სრულდება თანამდებობებით. ეს არის ევროპული, თანამედროვე, ცივილიზებული პარტიების წესი და ვისურვებდი, ეს გადაწყვეტილება მიეღო ერთობლივად ყველა მის ლიდერს. პოზიციები განსხვავებულია. ყველამ თავის პოზიცია გამოხატა და ამ ვითარებასა და რეალობაში ვართ, რომ ყრილობაზე ორი ლიდერი არ აპირებს თავის პოზიციების წამოყენებას მმართველ პოზიციებზე. გიგას აქვს განსხვავებული პოზიცია, მე ვთვლი, რომ არასწორი, მაგრამ მისი საქმეა და მისი არჩევანია". – თქვა გოკა გაბაშვილმა. 

ყოფილი დეპუტატის შეფასებით, სამივე ლიდერს ერთობლივად უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი, თუმცა, ვერავინ წაართმევს გიგა ბოკერიას უფლებას, ასე არ მოიქცეს. 

დღეს, 12 თებერვალს ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ თქვა, რომ პარტიის მომდევნო ყრილობაზე, რომელიც მაისამდე გაიმართება, ის თავმჯდომარის პოსტზე თავის კანდიდატურას აღარ დააყენებს და ამის შემდეგ პარტიიდანაც წავა. დავით ბაქრაძემ ისიც თქვა, რომ, მისი აზრით, სამივე ლიდერს იგივე გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ასეთივე პოზიცია ჰქონდა გიგი უგულავასაც, რომელიც ასევე ტოვებს პარტიას და თავს საერთო ოპოზიციური ფრონტის კოორდინირებაში ხედავს.

გიგა ბოკერია თანაპარტიელების გადაწყვეტილებას არ იზიარებს, ამბობს, რომ ახლა არ არის ის მომენტი, როდესაც ლიდერები გვერდით უნდა გაიწიონ. პარტიის ლიდერის შეფასებით, ლიდერების პასუხისმგებლობა ისიცაა, რომ დაეხმარონ პარტიას, გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი. 

კომენტარები