14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმე

NGO-ები 14 წლის გოგოზე: არასრულწლოვნების მიმართ სახელმწიფოს უმოქმედობის უმძიმესი გამოვლინებაა

არასამთავრობო ორგანიზაციები ქობულეთში 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებენ. NGO-ები შეშფოთებას გამოხატავენ და სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებენ, დროულად გამოიძიონ მომხდარი.  

NGO-ების განცხადების მიხედვით, გამოძიების ფარგლებში შესწავლილი უნდა იყოს ყველა შესაძლო ორგანოს და თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა, ვისაც მსხვერპლის მხარდაჭერისა და მის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიების წარმოების ვალდებულება ჰქონდა. 

მათივე შეფასებით, საქმეში ქალთა მიმართ ძალადობის უმძიმესი სოციალური პრაქტიკა და საპოლიციო და სოციალური ინსტიტუტების დანაშაულებრივი გულგრილობისა და არაეფექტიანობის ნიშნები ჩანს.  

"ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობა არის ქალებსა და მამაკაცებს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული ძალთა უთანასწორობის გამოვლენა, რამაც მიგვიყვანა კაცების მხრიდან ქალების მიმართ დისკრიმინაციამდე და მათზე დომინირებამდე. კონვენცია აღიარებს გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ კაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა.

საქართველომ 2017 წელს მოახდინა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება, რომლითაც სახელმწიფომ იკისრა ვალდებულება, მიიღოს ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომა, რათა პასუხისმგებელი სამართალდამცავი უწყებები სწრაფად და სათანადოდ რეაგირებდნენ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალ ყველა ფორმის ძალადობაზე მსხვერპლისთვის ადეკვატური და დაუყოვნებლივი დაცვის შეთავაზების გზით (მუხლი 50). ამასთან, სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, გაითვალისწინოს საკმარისი რაოდენობის შესაფერისი და იოლად ხელმისაწვდომი დახმარების ცენტრების გახსნა გაუპატიურების ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლისთვის სამედიცინო და სასამართლო-სამედიცინო შემოწმებების ჩატარების, ტრავმის შემთხვევაში დახმარების და კონსულტაციის გაწევის უზრუნველყოფის მიზნით (მუხლი 25)". - ვკითხულობთ არასამთავრობოების განცხადებაში. 

NGO-ების შეფასებით, საქმეში აშკარად იკვეთება სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ჯეროვანი გულისხმიერების სტანდარტის დარღვევა, რაც, განცხადების მიხედვით, საქართველოში სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით გავრცელებული პრაქტიკაა. 

"ამგვარ დანაშაულებზე მართლმსაჯულება ხშირ შემთხვევაში, მოძველებული, დისკრიმინაციული მიდგომებით და გენდერული დანაშაულებისთვის შეუსაბამო მეთოდოლოგიით მიმდინარეობს, რაც სექსუალურ ძალადობაზე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ერთ-ერთ უმთავრეს ბარიერს წარმოადგენს. 

ევროპის საბჭოს მიერ 2020 წელს განხორციელებული კვლევის მიხედვით, მიუხედავად სექსუალური ძალადობის გავრცელებისა, კვლავ დაბალია მასზე სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინებისა და ამ შემთხვევებზე მართლმსაჯულების განხორციელების მაჩვენებელი. კვლევის პერიოდში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცხელ ხაზზე (112) 316 შეტყობინება დაფიქსირდა სრულწლოვანი ქალის მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ. იმავე პერიოდში პირს გამამტყუნებელი განაჩენი სექსუალური ძალადობისთვის მხოლოდ 20 შემთხვევაში შეეფარდა". - წერია განცხადებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ქობულეთში მომხდარი შემთხვევა არასრულწლოვნების მიმართ სახელმწიფოს უმოქმედობისა კიდევ ერთი უმძიმესი გამოვლინებაა. NGO-ების განცხადებით, სახელმწიფოსთვის არასრულწლოვნის ინტერესები არ არის უპირველესი საზრუნავი მართლმსაჯულების სისტემაში და, წამოწყებული არაერთი რეფორმის მიუხედავად, მოზარდთა საჭიროებები მუდმივად უგულებელყოფილია. 

"ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს არასრულწლოვნების მხარდაჭერის და დაცვის სპეციალური მიდგომები გამოძიების პროცესში, იგი საკუთარ როლს ვიწროდ პასუხისმგებელი პირის გამოვლენაში ხედავს. გარდა ამისა, არ არსებობს ქმედითი დაცვისა და დახმარების სერვისები, რომელიც მისაწვდომი იქნება, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. დღეს არსებულ კოორდინატორების სამსახურებს პროკურატურის სისტემაში და შსს-ში რესურსების ნაკლებობა აქვთ და სათანადო სერვისებს ვერ სთავაზობენ ძალადობაგამოვლილ ქალებსა და გოგონებს". - წერენ არასამთავრობო ორგანიზაციები. 

NGO-ების შეფასებით, არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის არაერთი ტრაგიკული შემთხვევის მიუხედავად, სახელმწიფოს არსებული პოლიტიკის რადიკალური ცვლილებების ნება არ გამოუვლენია, სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი ყურადღება ეთმობა ზოგადად სუიციდის პრევენციის სტრატეგიის შემუშავებასა და იმპლემენტაციას. 

"სისტემა უკიდურესად გულგრილი რჩება მოზარდებზე ზრუნვის პოლიტიკის, სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავების კუთხით. ლუკა სირაძის თვითმკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ, ამ საქმით კვლავაც თვალნათელია მართლმსაჯულების და სოციალური მხარდაჭერის სისტემების გაუმართაობა და უმოქმედობა, მათ შორის კოორდინაციის და ურთიერთგაძლიერების მიდგომების სისუსტე. ეს კი, დაუცველს ტოვებს ბავშვებს, რომელთა საუკეთესო ინტერესების დაცვა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შინაარსგამოცლილ მიზნად რჩება". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ სამართალდამცავ უწყებებებს:  

  • ეფექტიანად, ჯეროვნად და დროულად იყოს გამოძიებული ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის, ისევე როგორც მის მიმართ სექსუალური ძალადობის ეპიზოდები და საზოგადოებას რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების დინამიკისა და შედეგების შესახებ.
  • გამოძიების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დადგინდეს რამდენად ქმედითი და დროული იყო პირველადი გამოძიება არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამოძიების ნაწილში;
  • ქალთა და გოგონათა მიმართ სექსუალურ ძალადობასთან საბრძოლველად მიიღოს ყველა სათანადო ზომა, რომელიც უზრუნველყოფს ამგვარ დანაშაულთა დროულ იდენტიფიცირებას, ეფექტურ გამოძიებას და სისხილსსამართლებრივ დევნას, მსხვერპლზე ორიენტირებული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებით.

საქართველოს მთავრობას:  

  • საზოგადოების მაღალი ჩართულობით გააანალიზოს არასრულწვლოვანთა მართლმსაჯულების პოლიტიკაში არსებული ფუნდამენტური ხარვეზები და სხვადასხვა უწყებების კოორდინირებით შეიმუშავოს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც არსებულ გამოწვევებს უპასუხებს;
  • განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ქალთა და გოგონათა მიმართ სექსუალური ძალადობისა და მართლმსაჯულებაზე მისაწვდომლობის საკითხებზე და უზრუნველყოს სექსუალური ძალადობის მიმართ ინტერ-უწყებრივი ეფექტიანი პოლიტიკის დაგეგმვა, რომელიც ხელს შეუწყობს დანაშაულის პრევენციას, მსხვერპლთა მხარდაჭერასა და დამნაშავეთა სათანადო პასუხისმგებლობას.
  • უზრუნველყოს, რომ იმ საქმეებზე, სადაც არასრულწლოვანი პირები ფიგურირებენ, განსაკუთრებით სქესობრივი დანაშაულის შემთხვევებში, ექსპერტიზა მაღალი მგრძნობელობით, დროულად და ჯეროვნად ჩატარდეს.
  • დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკაში გაიაზროს დანაშაულის სტრუქტურული სოციალური მიზეზები, მსხვერპლის სპეციალური საჭიროებები და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები და გააძლიეროს სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაციისა და ტრანსფორმაციაზე ორიენტირებული მუშაობა, შექმნას შესაბამისი სერვისები როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.  

განცხადებას ხელს აწერენ: 

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)  

14 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 23 წლის კაცი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ მას შემდეგ დააკავა, რაც 10 თებერვალს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ არასრულწლოვანმა საკუთარ სახლში თავი მოიკლა. 

მოზარდი გარდაცვლილი პირველად ბაბუამ ნახა, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას დეტალები გაიხსენა და თქვა, რომ მის შვილიშვილზე ორჯერ იძალადეს — თავდაპირველად, 2020 წლის ზაფხულში, შემდეგ კი აქედან 6 თვეში, 2020 წლის დეკემბერში. კაცი ამბობს, რომ განმეორებითი ძალადობის შემდეგ პოლიციაში დარეკეს და მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული ექსპერტიზის მეორე ცნობა მათთან არ მისულა, რამაც, მისივე თქმით, მოზარდი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

კომენტარები