14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმე

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბაბუას ძალადობისთვის 1-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

კადრი ვიდეოდან
TV პირველი

გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბაბუას ძალადობისთვის ქობულეთის სასამართლომ 1-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაცია ტაბულას სასამართლოს პრესსამსახურმა დაუდასტურა.

გარდაცვლილი გოგოს ბაბუას სასამართლო 2 მუხლს ედავებოდა – სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "დ" ქვეპუნქტები, რაც გულისხმობს არასრულწლოვანისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას და 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტი, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს. სასამართლომ სულიკო ცეცხლაძე გაამართლა მუქარის ნაწილში, ხოლო დამნაშავედ ცნო წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაში.

15 თებერვალს 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ ბაბუა დააკავა. პროკურატურის ცნობით, ბაბუამ 14 წლის გოგოს სცემა და მოკვლით დაემუქრა, რაც ბრალდებულმა დაკავების შემდეგ დაკითხვისას აღიარა. 

ქობულეთში 14 წლის გოგომ 10 თებერვალს მოიკლა თავი. სწორედ ამის შემდეგ დააკავეს 23 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალად ედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი და თვითმკვლელობამდე მიყვანა . 

15 თებერვალს კი, პოლიციამ მუქარისა და ძალადობისთვის დააკავა გარდაცვლილის ბაბუა. ის ამბობდა, რომ მოზარდმა თვითმკვლელობით "დანაშაული გამოისყიდა. დანაშაული, რომ გაუპატიურებული იყო". ამასთან, გარდაცვლილის დედის მტკიცებით, ბაბუა ბავშვზე ამბობდა, რომ მან "შეარცხვინა" და მასზე ფიზიკურად იძალადა.

გარდა ამისა, გარდაცვლილის დედა მოზარდის ცემაში ადანაშაულებს დაკავებული სულიკო ცეცხლაძის ძმისშვილებს. მათგან ერთ-ერთი, ტარიელ ცეცხლაძე 14 წლის გოგოზე ძალადობას უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ "შემძულდა ეგ ბავშვი... ისეთი სიბილწე გააკეთა".

კომენტარები