14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმე

POG: ბაბუამ 14 წლის გოგოს სცემა და მოკვლით დაემუქრა, მან ბრალდების ნაწილი აღიარა

კადრი ვიდეოდან
TV პირველი

საქართველოს პროკურატურამ 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბავშვის ბაბუას ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა. გამოძიება სულიკო ცეცხლაძეს მოზარდზე ფიზიკურ ძალადობას და მუქარას ედავება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 10 დეკემბერს და 2021 წლის იანვარში, სულიკო ცეცხლაძემ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილიშვილს ნ.ც.-ს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას. 

სამართალდამცავებმა სულიკო ცეცხლაძე მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2021 წლის 15 თებერვალს დააკავეს. დაკავების შემდეგ დაკითხვისას მან 2020 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი აღიარა და განაცხადა, რომ შვილიშვილზე იძალადა" - აცხადებს პროკურატურა.

სულიკო ცეცხლაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“ (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობა, (ორი ეპიზოდი)) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა) წარედგინა. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.  


ქობულეთში 14 წლის გოგომ თავი 10 თებერვალს მოიკლა. სწორედ ამის შემდეგ დააკავეს 23 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალად თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი და თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება. 

15 თებერვალს კი, პოლიციამ მუქარისა და ძალადობისთვის დააკავა გარდაცვლილის ბაბუა. ის ამბობდა, რომ მოზარდმა თვითმკვლელობით "დანაშაული გამოისყიდა. დანაშაული, რომ გაუპატიურებული იყო". ამასთან, გარდაცვლილის დედის მტკიცებით, ბაბუა ბავშვზე ამბობდა, რომ "შეარცხვინა" და მასზე ფიზიკურად იძალადა.

გარდა ამისა, გარდაცვლილის დედა მოზარდის ცემაში ადანაშაულებს დაკავებული სულიკო ცეცხლაძის ძმისშვილებს. მათგან ერთერთი, ტარიელ ცეცხლაძე 14 წლის გოგოზე ძალადობას უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ "შემძულდა ეგ ბავშვი... ისეთი სიბილწე გააკეთა".

კომენტარები