14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმე

14 წლის გოგოს ბიძა: შემძულდა ეგ ბავშვი, პოლიციას ვუთხარი, რომ არ შევხებივარ

"შემძულდა ეგ ბავშვი" - ასე პასუხობს გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბიძა TV პირველის კითხვას, ფიზიკურად იძალადა თუ არა მოზარდზე.

"დარიგება არ აკლდა, გვერდით ვედექით მაგ ოჯახს... არა, არ შევხებივარ, ბავშვი არ მინახავს" - ამბობს გარდაცვლილის ბიძა და აღნიშნავს, რომ პოლიციამ უკვე დაკითხა.

"ვუთხარი ეგ ყველაფერი, რაც გითხარით თქვენ. [მკითხეს], თუ შეეხე ხელითო, არა-მეთქი. რომ გავიგე, გავიგე ქალებიდან, მე იქ არ ჩავსულვარ... [ვუთხარი], შემძულდა-მეთქი ეს ბავშვი" - ამბობს ტარიელ ცეცხლაძე, რომელიც გარდაცვლილი გოგონას ბაბუის ძმისშვილია.

ის ერთ-ერთია იმ ბიძებიდან, რომლებსაც 14 წლის გოგონას დედა ბავშვის ცემაში ადანაშაულებს.

"როდესაც ჩემი შვილი გააუპატიურეს, იმ დღეს, სანამ პოლიციაში წაიყვანდნენ, ჩემი შვილი უმოწყალედ სცემეს მამამთილის ძმისშვილებმა. ძმისშვილმა ტარიელ ცეცხლაძემ სულ წიხლით სცემა ჩემს შვილს, ძლივს გამოართვეს ბავშვი, შემოგაკვდებაო და ციხეში დაჯდებიო. ამის შემდეგ წაიყვანეს ბავშვი ექსპერტიზაზე თბილისში, თან მას მთელი სხეული ჰქონდა დალურჯებული. მეორე დღეს შვილი რომ მელაპარაკებოდა, მეუბნებოდა, დედიკო თავზე ხელს ვერ ვიკარებ, მტკივა თავი, ბალიშზე თავს ვერ ვდებო". - თქვა ბავშვის დედამ, მერი რომანაძემ.


ქობულეთში 14 წლის გოგომ თავი 10 თებერვალს მოიკლა. სწორედ ამის შემდეგ დააკავეს 23 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალად თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი და თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება. 

დღეს, 15 თებერვალს კი, პოლიციამ მუქარისა და ძალადობისთვის დააკავა გარდაცვლილის ბაბუა. ის ამბობდა, რომ მოზარდმა თვითმკვლელობით "დანაშაული გამოისყიდა. დანაშაული, რომ გაუპატიურებული იყო". ამასთან, გარდაცვლილის დედის მტკიცებით, ბაბუა ბავშვზე ამბობდა, რომ "შეარცხვინა" და მასზე ფიზიკურად იძალადა.

კომენტარები