მეათე მოწვევის პარლამენტი

ახვლედიანი: მნიშვნელოვანი კანონპროექტის ერთჯერადად მხარდაჭერაში დრამატულს ვერაფერს ვხედავ

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წევრის, არმაზ ახვლედიანის თქმით, ის წინააღმდეგობრივსა და დრამატულს ვერაფერს ხედავს ხათუნა სამნიძის ინიციატივაში ქვეყნის ინტერესების ფარგლებში მნიშვნელოვან კანონპროექტს ერთჯერადად დაუჭიროს მხარი. არმაზ ახვლედიანმა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ისაუბრა.

"მე ახლახანს გავეცანი ამ ინიციატივას და ორ რამეს გეტყვით, პირველი: ყოველთვის ვიქნები წინააღმდეგი კატეგორიული მსჯელობისა, გარდა იმ საკითხებისა, რაც ეხება ფუნდამენტურ სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ახლა, აქ რაც ქალბატონმა [ხათუნა] სამნიძემ ბრძანა, როგორც ვხვდები, მნიშვნელოვან კანონპროექტს თუ შემოგვთავაზებს "ოცნება", შევიდეთ და ერთჯერადად მხარი დავუჭიროთო, მე აქ დრამატულს ვერაფერს ვხედავ". - თქვა ახვლედიანმა.

პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ეს პოზიცია არ ნიშნავს ბოიკოტზე უარის თქმას. როცა საქმე საქართველოს უმნიშვნელოვანეს ინტერესს ეხება, ერთჯერადად პარლამენტში შესვლაში ახვლედიანი წინააღმდეგობას ვერ ხედავს. 

"როცა საქმე ეხება წლების განმავლობაში საქართველოს უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ინტერესს, ანუ დემოკრატიულობის ხარისხის გაზრდის შესაძლებლობას, ერთჯერადად, ამისთვის რატომ არ უნდა შევიდეს დეპუტატი და რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი, თუ შესვლის გარეშე ეს ვერ მოხერხდება. ვერ ვხედავ წინააღმდეგობას.

მე, რა თქმა უნდა, გავივლი კონსულტაციას კოლეგა ოპოზიციონერებთან, მირჩევნია კონსულტაციის რეჟიმში იყოს გადაწყვეტილებები მიღებული, მაგრამ ჩემს აზრს, თუ ვინმე მკითხავს, ვერ ვხედავ ამაში ვერაფერს წინააღმდეგობრივსა და დრამატულს". - თქვა რამაზ ახვლედიანმა.


დღეს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება ოპოზიციას შესთავაზებს უბარიერო პროპორციული სისტემას და დაარეგისტრირებს ამ კანონპროექტს, რესპუბლიკური პარტია მზად არის, ამ კანონპროექტს კენჭისყრის დროს 3 მოსმენით მხარი დაუჭიროს და მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა.

ხათუნა სამნიძის მტკიცებით, "ეს არ ნიშნავს პარლამენტში შესვლას, მუშაობას, დარჩენას, ეს ნიშნავს ხელის მიჭერას".


პარლამენტმა ოპოზიციის 51 დეპუტატს, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოს განცხადებით მიმართეს და მანდატებზე უარი თქვეს, 2 თებერვლის სხდომაზე უფლებამოსილება არ შეუწყვიტა. 9 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ "რამდენჯერაც არ უნდა მოგვმართონ, სანამ ჩვენ ჩავთვლით, რომ საქართველოს, ჩვენი საზოგადოების და ჩვენი დემოკრატიის ინტერესებში არის ის, რომ 150 დეპუტატის მანდატი იყოს მოქმედი ამ პარლამენტში, ჩვენ ამას დავტოვებთ მოქმედს".

მანდატებზე უარი არ უთქვამს პროპუტინური პატრიოტთა ალიანსის სიის ოთხ წევრს, რომლებიც პარლამენტში ევროპელი სოციალისტების სახელით შევიდნენ, ასევე, გირჩის სამ წევრს. მათ ქართულ ოცნებას სთხოვეს, არ გაეუქმებინათ ოპოზიციონერებისთვის საპარლამენტო მანდატები. იაგო ხვიჩია ამბობს, რომ "თუ სრულად პროპორციული, უბარიერო სისტემა დაიდება, გირჩი შევა პარლამენტში."

პარლამენტში უკვე შევიდა პარტია მოქალაქეების ორი წევრი - ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი. ელისაშვილის თქმით, ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც გულისხმობს საარჩევნო საკითხების "ფუნდამენტურ ცვლილებას" და დოკუმენტის მიხედვით, ეს საკითხები პარლამენტში პირველ მარტამდე ინიცირდება.

კომენტარები