მეათე მოწვევის პარლამენტი

TI: პარლამენტის წევრებიდან ბიზნესი 62 დეპუტატს აქვს, 33-მა არასრულად შეავსო დეკლარაცია

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) ანგარიშის მიხედვით, პარლამენტის წევრთა ნაწილი არადეკლარირებულ ბიზნეს აქტივებს ფლობს და თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობაშია ჩართული. 

საქართველოს კანონმდებლობით, პარლამენტის წევრს არ აქვს უფლება: უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად; და უშუალოდ იყოს კომპანიის ხელმძღვანელი, განახორციელოს  სამეწარმეო სუბიექტის სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი.

TI-ს ინფორმაციით, 12 შემთხვევაში დეპუტატები პარლამენტში საქმიანობის პარალელურად განაგრძობდნენ სამეწარმეო სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას, ეს დეპუტატებია:  გიორგი გოდაბრელიძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, ნონა მამულაშვილი, მამუკა მდინარაძე, როსტომ ჩხეიძე, დევი ჭანკოტაძე, ლევან ხაბეიშვილი, იაგო ხვიჩია, დიმიტრი ხუნდაძე, თამარ ჩარკვიანი, ხათუნა კვიციანი.

2021 წლის სექტემბრის მდგომარეობით, პარლამენტის 150 წევრიდან, ბიზნესთან კავშირები 62 დეპუტატს აქვს, აქედან 20-მა დეპუტატმა არასრულად შეავსო ქონებრივი დეკლარაცია პირდაპირ სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით, 13-მა კი – არაპირდაპირ საქმიანობასთან დაკავშირებით. 

"არადეკლარირებული კომპანიები რეალურად ეწევიან თუ არა  სამეწარმეო საქმიანობას, ამის დადგენის შესაძლებლობა ჩვენ არ გაგვაჩნია და ამ საკითხით საჯარო სამსახურის ბიურო უნდა დაინტერესდეს; ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხი კი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უნდა შეისწავლოს". – წერია საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიშში. 

კომენტარები