მერლინ მენსონი

გაუპატიურება, იარაღით მუქარა, შუშის გალია - რა ხდება მერლინ მენსონის ირგვლივ

მერლინ მენსონი

გაუპატიურება, იარაღით მუქარა, შუშის გალია - რა ხდება მერლინ მენსონის ირგვლივ

ახლო წარსულში ამერიკელი როკ მუსიკოსი, მერლინ მენსონი ყოფილმა მეგობარმა ქალმა, მსახიობმა, ევან რეიჩელ ვუდმა სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. ბრალდებას მალევე სხვა ადამიანებიც, მათ შორის ცნობილი მსახიობები და მომღერლებიც გამოეხმაურნენ. 

სტატიაში გთავაზობთ ამ დროისთვის ცნობილ ბრალმდებლების განცხადებებს, ასევე მენსონის პასუხს ბრალდებაზე და მისი ახლო წრის წარმომადგენლების შეფასებებს.

ევან რეიჩელ ვუდი

პირველი ცნობილი ადამიანი, რომელიც მენსონზე, როგორც მოძალადეზე ალაპარაკდა ევან რეიჩელ ვუდი იყო. მსახიობი წლების განმავლობაში ხშირად საუბრობდა სექსუალური და ფიზიკური ძალადობის პრობლემებზე. ის ამბობდა, რომ მსგავსი ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ ყოფილა პარტნიორის მხრიდან, თუმცა ამ დრომდე მისი ვინაობა არ გაუმჟღავნებია. Instagram-ზე გამოქვეყნებული პოსტით მან დაადასტურა, რომ მოძალადე პარტნიორი სწორედ მერლინ მენსონია.

"ჩემზე მოძალადის სახელი ბრაიან უორნერია, მსოფლიოსთვის ასევე ცნობილი, როგორც მერლინ მენსონი. მან თვალი ჯერ კიდევ თინეიჯერობის დროს დამადგა და წლების განმავლობაში საშინლად ძალადობდა. ის ტვინს მირეცხავდა და მანიპულაციის მეშვეობით მაიძულებდა, დავმორჩილებოდი. აღარ ვაპირებ შურისძიების, ცილისწამების ან შანტაჟის შიშით ცხოვრებას. აქ ვარ, რათა გამოვააშკარავო ეს საშიში კაცი და დავასახელო ის ინდუსტრიები, რომლებიც ამის საშუალებას აძლევდნენ, სანამ ის სხვებსაც დაუნგრევს ცხოვრებას. მე ვდგავარ იმ მსხვერპლების გვერდით, რომლებიც დუმილს აღარ აპირებენ". – დაწერა მან.

პოსტის გამოქვეყნებიდან მცირე დროში სოციალური ქსელის კიდევ სამმა მომხმარებელმა - სარა მაკნილიმეშლი ლინდსი მორგანმა და გაბრიელა აკარინომ, დაწერა სხეულის დაზიანებებზე, რომლებიც მათ მომღერალმა მიაყენა.

როუზ მაკგოუვენი

ვუდს ცნობილი ადამიანებიდან ერთერთმა პირველმა, მსახიობმა, მენსონის ყოფილმა მეგობარმა ქალმა, როუზ მაკგოუვენმა დაუჭირა მხარი.

 "სევდისა და ზიზღის გრძნობა მეუფლება. ამავდროულად, ვამაყობ ევან რეიჩელ ვუდითა და სხვა ქალებით, რომლებმაც ჩემი ყოფილი მეგობარი კაცის, მერლინ მენსონის წინააღმდეგ გაილაშქრეს და ამხილეს. ჩემთან ყოფნისას ის ასეთი არ იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის არ ექცეოდა ცუდად სხვებს ჩემამდე და ჩემს მერე. ძალადობაზე ხმამაღლა საუბარს დრო სჭირდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვამაყობ ამ ქალებით და ნებისმიერით, ვინც საკუთარი მჩაგვრელის წინააღმდეგ ხმას აიმაღლებს. მოძალადეები იპარავენ დროს, ისინი ანადგურებენ დროს, სიცოცხლეს, იმედს, ოცნებებს, თავისუფლებას, სექსუალურობას, სიყვარულს. ასევე, მინდა, მივმართო ჰოლივუდის კულტის ლიდერებს, რომლებმაც მენსონი დაასაქმეს და მის ქმედებებს ლეგიტიმაცია მისცეს. კომპანიები Interscope Records და Sony მის გვერდით იდგნენ, როდესაც მომღერალი ევანს ხვდებოდა. თითოეული პიარ მენეჯერი, აგენტი, ადვოკატი თანამზრახველია. ჰოლივუდი უნდა შევაჩეროთ". – ამბობს ვიდეომიმართვაში მაკგოუვენი.

როკ მუსიკოსი და მაკგოუენი წლების განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს, მსახიობის თქმით მენსონს მასზე არ უძალადია.

ჯენა ჯეიმსონი

ყოფილმა პორნო ვარსკვლავმა, ჯენა ჯეიმსონმა მერლინ მენსონთან ურთიერთობის დეტალებზე გამოცემა Daily Mail-თან ილაპარაკა. წყვილი ცოტა ხნის განმავლობაში ხვდებოდა, მსახიობმა ურთიერთობა მას შემდეგ დაასრულა, რაც როკ მუსიკოსმა უთხრა, რომ მისი ცოცხლად დაწვა სურს.

"ცოტა ხნის განმავლობაში ვხვდებოდით. დავშორდი, როდესაც მითხრა, რომ ჩემი ცოცხლად დაწვის ფანტაზია აქვს. ერთხელ უხეშად მელაპარაკა, გარდა ამისა სექსის შემდეგ ჩალურჯებებით სიარული არც ისე სახალისო იყო. ვფიქრობ, თავს ვუშველე და თავი დავაღწიე მისგან, არ გამოვრიცხავ ჩემზე ეძალადა". – ამბობს პორნომსახიობი.

უეს ბორლანდი

ნიუ მეტალ ბენდის Limp Bizkit და მერლინ მენსონის ყოფილი გიტარისტი უეს ბორლანდი მომღერლის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ასე გამოეხმაურა:

"მერლინ მენსონი... მის ბენდში 9 თვის განმავლობაში ვუკრავდი. ის კარგი პიროვნება არ არის. ყველა ბრალდება სიმართლეა. ამიტომ, შეეშვით ქალების დადანაშაულებას, ისინი სიმართლეს ამბობენ. მესმის, რომ მრავალი თაყვანისმცემელი ჩემს ნათქვამზე გაბრაზდება, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ საოცრად ნიჭიერია, შ** აქვს, დასაწვენია, გამოსაფხიზლებელი, დროა საკუთარი შინაგანი დემონები დაამარცხოს. ის ძალიან ცუდი ადამიანია. ერთხელ მასთან სახლში ვიყავი, იმ პერიოდში ევან რეიჩელ ვუდს ხვდებოდა, იქ რაც ვნახე, საშინელება იყო, მეტს ვერაფერს ვიტყვი. ვინც ამ სიტუაციაში ქალებს ადანაშაულებთ და მათ ნათქვამს არასერიოზულად აღიქვამთ, შ***ცით. მენსონის კარიერა თუ დასრულდა, უბრალოდ, დაემშვიდობეთ - ეცადეთ, გაჯახუნებულ კარში არ მოჰყვეთ მის გამო".

დიტა ფონ ტიზი

მომღერალთან ურთიერთობის საკუთარ გამოცდილებაზე ყოფილმა ცოლმა, მოცეკვავემ და მსახიობმა დიტა ფონ ტიზმაც ილაპარაკა.

"ვაფასებ იმ ზრუნვას, რომელიც ჩემდამი ადამიანებმა გამოიჩინეს. იცოდეთ რომ შვიდწლიანი ურთიერთობის განმავლობაში ჩემზე არ უძალადია. მსგავსი რამ რომ მომხდარიყო 2005 წელს მასთან არ ვიქორწინებდი. 12 თვეში დავშორდით, იმიტომ რომ მღალატობდა და ნარკოტიკებს ჭარბი რაოდენობით მოიხმარდა. ურთიერთობაში ძალადობის ადგილი არ არის. მოვუწოდებ ჩაგვრის ყველა მსხვერპლს, გადადგით ნაბიჯები, რომლებიც განკურნებაში დაგეხმარებათ და სრული თვითრეალიზაციის ძალას დაგიბრუნებთ. ეს არის ჩემი ერთადერთი განცხადება ამ ამბავზე". - წერს სოციალურ ქსელში მოცეკვავე.

ლავ ბეილი

ვიზუალური არტისტისა და სტილისტის, ლავ ბეილის თქმით, როკ მომღერალმა მას შუბლზე იარაღი მიადო და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

"მენსონმა "გლოკი"(პისტოლეტის მოდელი) აიღო და შუბლზე დამადო, შემდეგ მითხრა რომ "პ*******ები სძულს", მისი ტონი ძალიან აგრესიული იყო, მეგონა, მომკლავდა. ამის შემდეგ ასისტენტს ხელი მოვკიდე და იქიდან წამოვედით. საშინელი ადგილი იყო, ერთ-ერთ ოთახში შუშის გალია ედგა, რომელშიც როგორც ვიცი, ქალებს კეტავდა". - იხსენებს ინციდენტს ბეილი, რომელიც 2011 წელს მოხდა.

გარდა ამისა ბეილიმ დაადასტურა, რომ მისი თანდასწრებით მენსონი მსახიობ ქალს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. იყო თუ არა სტილისტის მიერ ნახსენები მსახიობი - ევან რეიჩელ ვუდი, უცნობია. 

ელი როუსელი

ბრიტანული როკ ჯგუფის, Wolf Alice-ის ფრონტვუმენმა, ელი როუსელმა ერთ-ერთ მუსიკალურ ფესტივალზე მერლინ მენსონთან შეხვედრის უსიამოვნო დეტალები გაიხსენა. მომღერლის თქმით, მენსონმა კაბის ქვემოდან GoPro კამერით ვიდეო გადაუღო.

"რამდენიმე წლის წინ ერთერთ ფესტივალზე კულისებში მერლინი შემხვდა. ჩვენი ბენდის გამოსვლაზე ჩამოვარდა ლაპარაკი, მას შემდეგ, რაც გადამეტებულად შეგვაქო, ეჭვი გამიჩნდა, რომ რაღაც წესრიგში არ არის. შოკში ჩავარდი, როდესაც ქვევით ჩავიხედე, ის GoPro კამერით ჩემი კაბის ქვემოდან ვიდეოს იღებდა". – წერს სოციალურ ქსელში მუსიკოსი.

მენსონის პასუხი

მერლინ მენსონი ევან რეიჩელ ვუდის განცხადებას მეორე დღეს გამოეხმაურა და ბრალდებას "რეალობის საშინელი დამახინჯება" უწოდა.

"ცხადია, ჩემი შემოქმედება და ცხოვრება დიდი ხნის განმავლობაში კამათის საგანი იყო, მაგრამ ბოლოდროინდელი განცხადებები ჩემს შესახებ რეალობის საშინელი დამახინჯებაა. ჩემი პირადი ურთიერთობები თანამოაზრე პარტნიორებთან შეთანხმებული იყო. ეს არის სიმართლე და არ აქვს მნიშვნელობა, რატომ და რისთვის ცდილობენ სხვები წარსულის დამახინჯებას". – წერს მუსიკოსი.

შედეგი

ამ ეტაპზე არც ერთ დაზარალებულს სასამართლოში სარჩელი არ შეუტანია. მიუხედავად ამისა სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ მუსიკოსს კარიერული პრობლემები შეექმნა:

  • American Gods-ის შემქმნელებმა მესამე სეზონიდან მერლინ მენსონის მიერ განსახიერებული პერსონაჟი ამოჭრეს. 
  • მომღერალს სერიალ Creepshow-ს მეორე სეზონში უნდა ეთამაშა. შოუს შემქმნელებმა მისი მონაწილეობით ეპიზოდები პროგრამიდან ამოიღეს.
  • მენსონთან თანამშრომლობა შეწყვიტა ჰოლივუდის მსხვილმა სააგენტომ CAA-მ
  • მუსიკოსთან კონტრაქტი შეაჩერა ხმის ჩამწერმა ლეიბლმა Loma Vista Recordings, რომელმაც მენსონის უკანასკნელი სამი ალბომი გამოსცა.

 

კომენტარები