მერლინ მენსონი

როუზ მაკგოუვენი: ვამაყობ ევან რეიჩელ ვუდით, რომელმაც მერლინ მენსონი ამხილა

Entertainment Tonight

მერლინ მენსონის ყოფილმა მეგობარმა ქალმა, როუზ მაკგოუვენმა მსახიობ ევან რეიჩელ ვუდს მხარი დაუჭირა. რამდენიმე დღის წინ ვუდმა ცნობილი როკ მუსიკოსი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.

"სევდისა და ზიზღის გრძნობა მეუფლება. ამავდროულად, ვამაყობ ევან რეიჩელ ვუდითა და სხვა ქალებით, რომლებმაც ჩემი ყოფილი მეგობარი კაცის, მერლინ მენსონის წინააღმდეგ გაილაშქრეს და ამხილეს. ჩემთან ყოფნისას ის ასეთი არ იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის არ ექცეოდა ცუდად სხვებს ჩემამდე და ჩემს მერე. ძალადობაზე ხმამაღლა საუბარს დრო სჭირდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვამაყობ ამ ქალებით და ნებისმიერით, ვინც საკუთარი მჩაგვრელის წინააღმდეგ ხმას აიმაღლებს. მოძალადეები იპარავენ დროს, ისინი ანადგურებენ დროს, სიცოცხლეს, იმედს, ოცნებებს, თავისუფლებას, სექსუალურობას, სიყვარულს. ასევე, მინდა, მივმართო ჰოლივუდის კულტის ლიდერებს, რომლებმაც მენსონი დაასაქმეს და მის ქმედებებს ლეგიტიმაცია მისცეს. კომპანიები Interscope Records და Sony მის გვერდით იდგნენ, როდესაც მომღერალი ევანს ხვდებოდა. თითოეული პიარ მენეჯერი, აგენტი, ადვოკატი თანამზრახველია. ჰოლივუდი უნდა შევაჩეროთ". – ამბობს ვიდეომიმართვაში მაკგოუვენი.

მაკგოუვენი და მენსონი 1999 წლიდან 2001 წლამდე დანიშნულები იყვნენ. წყვილმა დაშორების მიზეზად განსხვავებული ცხოვრების სტილი დაასახელა. მუსიკოსისა და ვუდის ურთიერთობა 2007 წელს დაიწყო, 2010 წელს მენსონმა მეგობარ ქალს სცენიდან ხელი სთხოვა, წყვილი ერთ წელიწადში დაშორდა.

როუზ მაკგოუვენი ერთ-ერთი პირველი მსახიობი ქალია, რომელმაც სექსუალურ ძალადობაში პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი დაადანაშაულა. მსახიობი #MeToo კამპანიის აქტიური წევრია.

მენსონი ვუდის ბრალდების შემდეგ ორი კომპანიიდან დაითხოვეს, ასევე უარი უთხრეს სერიალ Creepshow-ში თამაშზე და American Gods-ის მომავალი ეპიზოდიდან ამოჭრეს. როკ მომღერალმა ბრალდებებს "რეალობის საშინელი დამახინჯება" უწოდა.

კომენტარები