"ნებისმიერი ასეთი მოწოდება არის, რა თქმა უნდა, ძალიან დამაზარალებელი და უდიდესი საფრთხის შემცველი". – ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია TV იმედის კითხვას ბოლო პერიოდში გამართული დაუმორჩილებლობის აქციების შესახებ. TV იმედმა მინისტრის მოადგილეს ჰკითხა, "ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერის" განცხადება დაუმორჩილებლობაზე რამდენად ზრდის ინფექციის გავრცელების რისკს.
თამარ გაბუნიას შეფასებით კი "ის, რაც გავიარეთ ნოემბერ-დეკემბერში, მნიშვნელოვანწილად უკავშირდებოდა ამის მსგავს უპასუხისმგებლო მოწოდებებს აქციებთან, დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით და მთელ რიგ თავყრილობებს, რამაც პირდაპირ შექმნა ხელშემწყობი გარემო ინფექციის გავრცელებისთვის".
"ძალიან სახიფათოა ამ ტიპის მოწოდებები, რადგან ვირუსი არის ჩვენ გარშემო, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შემთხვევების კლება გამოწვეულია საკმაოდ მკაცრი შეზღუდვებით და მობილობის გაზრდასთან ერთად, იმის ალბათობა, რომ გაიზრდება ინფექციის გადაცემის რისკი, ყოველთვის არსებობს. ძალიან მაღალია ეს რისკი, პირდაპირპროპორციული კავშირია მობილობასა და ამ რიცხვს შორის". – ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
დაუმორჩილებლობის აქცია-მსვლელობა 6 თებერვალს გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები 9 საათიდან ქვეყანაში დაწესებულ კომენდანტის საათს არ დაემორჩილნენ და თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.
შსს-მ დაუმორჩილებლობის მარშში მონაწილე 51 პირის იდენტიფიცირება მოახდინა და აქედან 8 პირი, გადაადგილების აკრძალვის დარღვევის ფაქტზე, 2 000 ლარით უკვე დააჯარიმა. უწყების ცნობით, 24 პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოებაა დაწყებული და "ეს ადამიანები დაჯარიმდებიან".
გარდა ამისა, იდენტიფიცირებულებიდან 19-მა ე.წ. კომენდანტის საათი განმეორებით დაარღვია, მათ მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო.
ჯარიმის შესახებ შეტყობინება მიუვიდა ლელოს სამ წევრს: ირაკლი კუპრაძეს, თაზო დათუნაშვილსა და საბა ბუაძეს.





