კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ვაქცინაცია გახდა პოლიტიკური იარაღი მძლავრი სახელმწიფოების ხელში

იმედი

"ვაქცინაცია გახდა პოლიტიკური იარაღი, განსაკუთრებით, მძლავრი სახელმწიფოების ხელში". – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე.

"დღეს საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში ეს პანდემია გახდა პოლიტიზირებული, განსაკუთრებით, ვაქცინაცია. [...] ვაქცინაცია გახდა პოლიტიკური იარაღი, განსაკუთრებით, მძლავრი სახელმწიფოების ხელში. იცით, რომ მე ყველანაირ პოლიტიკას ვერიდები, ამ შემთხვევაში, სამედიცინო კუთხით ვუყურებ ამ საკითხს. 

ყველას ვურჩევ, ნუ გამოვიყენებთ პოლიტიკურ შეხედულებებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ საკითხთან დაკავშირებით, ვაქცინაცია იქნება თუ კორონავირუსთან ბრძოლა, ყველა უნდა ვიყოთ სოლიდარული, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური სიმპატიებისა ან შეხედულებებისა. ეს არის საკითხი, რომელმაც უნდა გააერთიანოს მთელი ქვეყანა". – ამბობს ამირან გამყრელიძე. 

გამყრელიძე თენგიზ ცერცვაძის განცხადებას გამოეხმაურა. ცერცვაძის თქმით, შესაძლოა, "COVID-ის წარმატებით მართვით გაბოროტებულებმა" აფეთქება გამოიწვიონ. 

"მე კარგი წარმოდგენის ვარ ჩემს მოძმეებსა და საქართველოს მოსახლეობაზე. მე არ მგონია ასეთი რამ". – თქვა მან.


ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანამ 30 იანვარს მიიღო დასტური, რომ თებერვლის შუა რიცხვებიდან თვის ბოლომდე Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზას მივიღებთ. გაბუნიას განმარტებით, პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი აიცრება და ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის კლინიკებში ჩატარდება. 

ამერიკული გამოცემა Bloomberg-ის მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური დაფარვის პლატფორმის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მხოლოდ 186 000 დოზა აქვს შეძენილი, რაც მოსახლეობის მხოლოდ 5%-ისთვის იქნება საკმარისი.   

9 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 263 057 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 254 916 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 306 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები