მე-10 მოწვევის პარლამენტი

მეგრელიშვილი: იაგო ხვიჩია მამუკა მდინარაძეს შეხვდა – 3 თვეა ოპოზიციის შიგნით ვიხარშებით

ON.GE

გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანს, მამუკა მდინარაძეს შეხვდა. 

"რომ ვამბობთ, რომ შევხვდეთ, ხალხი გავიცნოთ, რა ხდება, გუშინ იაგო [ხვიჩია] შეხვდა ქართული ოცნების წარმომადგენელს, მამუკა მდინარაძეს. ამ საუბრის მთავარი ამბავი ქართული ოცნების გადმოსახედიდან არის, რომ ისინი ფიქრობენ, რომ, რაც არ უნდა ნაბიჯი გადადგას ქართულმა ოცნებამ, ოპოზიციის მხარეს არიან ადამიანები, რომლებსაც არავითარ შემთხვევაში არ უნდათ მოლაპარაკება. მნიშვნელობა არ აქვს რა ნაბიჯს გადადგამს. თქვენ დარწმუნდებითო". – თქვა მეგრელიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.

მეგრელიშვილის თქმით, ქართულ ოცნებასთან შეხვედრის ერთ-ერთი მიზეზი ბოლო პერიოდში მხოლოდ ოპოზიციის შიგნით "მოხარშვა" და წარმოქმნილი პრობლემებია. მისივე თქმით, შეხვედრა არაფორმალურ ვითარებაში მიმდინარეობდა.

"მეც ვთქვი, რომ მინდოდა ქართული ოცნების წევრების გაცნობა. ბოლო-ბოლო კოლეგები არიან და სამი თვის განმავლობაში ოპოზიციის შიგნით ვიხარშებით. რაღაც ისეთი პრობლემები წარმოგვექმნა, რომელსაც მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა წარმოქმნილიყო. 

პირველი შეხვედრა ჰქონდათ და თვითონ, დაუკავშირდნენ და შეხვდნენ იაგოს არაფორმალურ ვითარებაში და ყველა იმ თემაზე ისაუბრეს, რომელ თემებზეც იაგოს ჰქონდა იდეაში საუბარი". – თქვა მეგრელიშვილმა

მანდატების გაუქმების მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოსთვის არ მიუმართავს პარტია მოქალაქეებსა და გირჩის სამ წევრს. პარლამენტში უკვე შევიდა პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიის 4 დეპუტატი, რომლებმაც ახალი პარტია, ევროპელი სოციალისტები დააფუძნეს. პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების საკითხს 2 თებერვალს უყრის კენჭს.

ოპოზიცია ხელისუფლებისგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს და საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს. ამ დროისთვის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან საპარლამენტო მანდატებზე უმრავლესობას უარი აქვს ნათქვამი.

კომენტარები