საქართველოს მთავრობა

გახარია: განათლების სამინისტროდან გამოიყოფა კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, უკვე მომზადებულია დადგენილება, რომლის მიხედვითაც განათლების სამინისტროდან კულტურის სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო გამოიყოფა. 

"უკვე ყველა ტექნიკური სამუშაო დასრულებულია მომზადებულია მთავრობის დადგენილება იმასთან დაკავშირებით, რომ განათლების სამინისტროსგან გამოიყოს კულტურის, სპორტის და ამას დაემატება ახალგაზრდობის სამინისტრო. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როგორც ჩვენი კულტურის, ისე სპორტის სფეროს წარმომადგენლებისთვის. 

ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც აქამდე ფუნქციონირებდა მთავრობის ადმინისტრაციის ზედამხედველობით, ამ დადგენილებით გახდება კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი". – თქვა გახარიამ. 

განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს კიდევ ერთხელ გაყოფის შესახებ გიორგი გახარიამ 24 დეკემბერს ისაუბრა, თუმცა ჯერ ცნობილი არ იყო ახალგაზრდობის სააგენტოს სამინისტოში გაერთიანების შესახებ.

"ჩვენ ხომ ადამიანები ვართ, შეიძლება შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს შეცდომა უნდა გამოასწორო". – ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრი სამინისტროს კიდევ ერთხელ გაყოფის საკითხს. 

2017 წლის ნოემბერში მაშინ პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, სპორტის სამინისტრო კულტურის სამინისტროს შეუერთდა. 2018 წელს კი პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეუერთდა. 

კომენტარები