ევროპული საქართველო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც პარტია განცხადებაში წერს, წლების წინ ებრაელთა მიმართ ჩადენილი ეს სასტიკი დანაშაული გვახსენებს, რა სწრაფად შეიძლება მოიკრიბოს ბოროტებამ ძალა. ევროპული საქართველოს განცხადებით, სამწუხაროა, რომ ანტისემიტიზმისგან ბოლომდე დაცლილი არც ჩვენი საზოგადოებაა.
"დღეს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა. 1933-45 წლებში ევროპის ტერიტორიაზე გერმანიის ნაცისტურმა ხელისუფლებამ მის მოკავშირეებთან ერთად 6 მლნ-ზე მეტი ებრაელი მოკლა. ებრაელებს წინასწარ განსაზღვრული სქემის მიხედვით აგროვებდნენ მთელ ევროპაში, გადაჰყავდათ საკონცენტრაციო ბანაკებში, სადაც ჯერ მუშაობას აიძულებდნენ და შემდეგ გაზის კამერაში კლავდნენ. ეს გაზის კამერები ომის დამთავრებამდე, ნაცისტური ხელისუფლების არსებობის თითქმის ბოლო დღემდე მუშაობდა.
80 წლის წინ მომხდარი სასტიკი დანაშაული გვახსენებს, თუ რა სწრაფად შეიძლება მოიკრიბოს ბოროტებამ ძალა და რამდენად შეუმჩნეველი, მოულოდნელი და შოკისმომგვრელი აღმოჩნდეს ეს თავისუფალი საზოგადოებისთვის.
პოლიტიკური მიზნებისთვის ცალკეული ჯგუფების სიძულვილის ობიექტად ქცევა და მათი დევნა დღევანდელ მსოფლიოშიც არაა დავიწყებული პრაქტიკა. ტოტალიტარული და ავტორიტარული სახელმწიფოები, მათ შორის პუტინის რუსეთი, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ხშირად მიმართავს ამ გზას.
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ვნახეთ რომ ანტისემიტიზმი, ისევე როგორც სიძულვილით გაჟღენთილი დამოკიდებულება სხვა რელიგიური თუ ეთნიკური ჯგუფების მიმართ, არც ჩვენს საზოგადოებაშია ბოლომდე დავიწყებული. ნებისმიერ ასეთ შემთხვევაზე საზოგადოების ცოცხალი რეაქციაა საჭირო". – წერია განცხადებაში.
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა 26 დეკემბერს ქადაგებაში ებრაელთა თემი "ქრისტიანთა მდევნელად" წარმოადგინა, რომელთაც "დღესაც აქვთ გავლენა სამეფო კარზე". ამასთან, მიტროპოლიტმა იოანემ ისინი "ურწმუნო მოდგმადაც" მოიხსენია. ქადაგების საპასუხოდ ბასილ კობახიძემ დაწერა, რომ "თავისი ანტისემიტიზმის გასამყარებლად სრულიად გაუკუღმართებულად მოჰყავს ერთი ამბავი წმ. ამბროსი მედიოლანელის ცხოვრებიდან."
მეუფე იოანეს ქადაგებას ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტიც გამოეხმაურა. TDI-მ დაგმო საეკლესიო ანტისემიტიზმი და, მათივე შეფასებით, იოანე გამრეკელის ქადაგება უკიდურესად შემაშფოთებელია.
ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ კი დაწერა, რომ მეუფე იოანეს კრიტიკა ცილისწამებაა, ებრაელების და სხვა ერების სიყვარული კი მას მეუფე იოანემ გაუძლიერა.
4 იანვარს მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის ანტისემიტიზმის მონიტორინგის სამსახურმა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც, TDI-ზე დაყრდნობით, "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ანტისემიტიზმზეა საუბარი.
ისრაელის ელჩმა, კათოლიკოს-პატრიარქის იუბილეს მილოცვისას, ასევე ისაუბრა ანტისემიტიზმზეც.
ლაშა ჟვანიას შესახებ დასმულ შეკითხვებს ქართული ოცნების ლიდერები გაექცნენ.