ჰოლოკოსტი

აუშვიცის სახეები – 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა

ჰოლოკოსტი

აუშვიცის სახეები – 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა

გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 27 იანვარი, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების დღე, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ დაწესდა.

აუშვიცის სახეები აუშვიც-ბირკენაუს სახელმწიფო მუზეუმის და ბრაზილიელი სპეციალისტის მარინა ამარალის თანამშროლობით შემუშავებული პროექტია. პროექტის მიზანი, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრების რეგისტრაციის ფოტოების გაფერადებით მათი პირადი ისტორიების გააცოცხებაა.

იანინა ნოვაკი 1917 წლის 19 აგვისტოს პოლონეთში, ბედუვში დაიბადა. ოსვენციმის ბანაკში ის 1942 წლის 12 ივნისს გადაიყვანეს და ნომერი 7615 მიანიჭეს. იანინა პირველი ქალი პატიმარი იყო, რომელმაც ოსვენციმიდან გაქცევა მოახერხა. გაქცევის შემდეგ ნაცისტურ რეჟიმს ის 1943 წლამდე გაურბოდა. 1943 წლის 8 მაისს ის ისევ დააკავეს და კვლავ ოსვენციმში მიიყვანეს, შემდეგ კი რავენსბრუკის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, სადანაც უკვე 1945 წელს გაათავისუფლდა. 

სალომონ ჰონიგი პოლონელი ებრაელი იყო, რომელიც 1889 წლის 15 მაისს კოლაჩიცეში დაიბადა. დაკავების დროს ის ტარნუვში ცხოვრობდა. ოსვენციმის ბანაკში ის 1942 წლის 5 მარტს გადაიყვანეს. ოსვენციმში ის ნაცისტური გერმანიის მიერ ებრაელების გაზის კამერებში მასობრივი მკვლელობების დაწყებდამდე მოხვდა. სალომონს ნომერი 26389 მიანიჭეს. 

იუზეფა გლაზოვსკა საკონცენტრაციო ბანაკში 12 წლის ასაკში მოხვდა. მშობლიური სოფლიდან ის ოჯახთან და დაახლოებით 370 ადამიანთან ერთად გადაასახლეს. ნაცისტური გერმანიის მიზანი ოკუპირებული პოლონეთის გარკვეული რეგიონებიდან მოსახლეობის გადასახლება და მათ ნაცვლად გერმანელების ჩასახლება იყო. იუზეფას მშობლები საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპნენ. თავად იუზეფაზე სამედიცინო ექსპერიმენტებს ატარებდნენ. იუზეფა გლაზოვსკა 1945 წელს გაათავისუფლეს. 

 

დელიანა რეიდმეიკერსი იეჰოვას მოწმე იყო. ის ნიდერლანდების ოკუპაციის დროს დააკავეს. ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში 1942 წლის 20 ნოემბერს დაარეგისტრირეს. მისი გარდაცვალების მოწმობის მიხედვით, ის საკონცენტრაციო ბანაკში იმავე წლის 10 დეკემბერს გარდაიცვალა. იეჰოვას მოწმეები სამხედრო სამსახურზე და სამხედრო ინდუსტრიაში მუშაობაზე უარს ამბობდნენ. შედეგად მათ დიდ ნაწილს აპატიმრებდნენ და საკონცენტრაციო ბანაკებში გზავნიდნენ.  

ვინსენტ დანიელი ჩეხოსლოვაკიის სოფელ სმირკნაში 1919 წლის 5 აგვისტოს დაიბადა. კრიმინალურმა პოლიციამ ის პრაღაში დააკავა. დანიელი საკონცენტრაციო ბანაკში 1942 წლის აპრილში გადაიყვანეს. ბანაკში მას ნომერი 33804 მიანიჭეს და ჩეხად დაარეგისტრირეს, მიუხედავად იმისა, რომ ვინსენტ დანიელი ბოშა იყო. პატიმრობის დროს ის ქიმიურ ქარხანაში მუშაობდა. ვინსენტ დანიელი 1942 წლის 27 მაისს მუშაობის დროს გაიქცა. მისი ბედი უცნობია. მთლიანობაში ოსვენციმში დაახლოებით 23 000 ბოშა გადაიყვანეს, მათ შორის 2 000 ბანაკში დარეგისტრირების გარეშე მოკლეს. დარჩენილი 21 000-იდან 19 000 გაზის კამერებში, შიმშილით, ავადმყოფობით და სასტიკი მოპყრობის შედეგად დაიღუპა. 

ნორბერტ "ისრაელ" გლუშეცკი ნოტარიუსი იყო. ისრაელი მისი ნამდვილი მეორე სახელი არ იყო. ნაცისტური გერმანიის კანონმდებლობით, მთავრობა ებრაელებს ავალდებულებდა ისე თვითიდენტიფიცირებას, რომ დანარჩენი მოსახლეობისგან მარტივად გასარჩევები ყოფილიყვნენ. ბევრ ებრაელ ქალსა და კაცს, რომელსაც "არაებრაული" წარმოშობის სახელი ჰქონდა, უწევდა მეორე სახელად ისრაელი ან სარა აერჩია. ნორბერტი საკონცენტრაციო ბანაკში 1942 წელს შვილებთან ერთად გადაიყვანეს. ისინი ბანაკში დაიღუპნენ. 

პატიმარი 2731 - ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ბევრი პატიმრის შესახებ მწირი მონაცემები მოიპოვება. პატიმარი 2731 საკონცენტრაციო ბანაკში ბრატისლავადან 798 ებრაელი ქალის ჯგუფთან ერთად გადაიყვანეს. მისი ბედი უცნობია. 

ვალტერ დეგენი გერმანელი ზეინკალი იყო. ის საკონცენტრაციო ბანაკში 1941 წლის 29 აგვისტოს გადაიყვანეს. ბანაკში დეგენი გერმანელ პოლიტიკურ პატიმრად ჰომოსექსუალ კაცად დაარეგისტრირეს. საკონცენტრაციო ბანაკში გერმანული წარმოშობის პატიმრები, რომლებსაც ვარდისფერი სამკუთხედის სამკერდე ნიშანი ჰქონდათ, გერმანული კრიმინალური კოდექსის 175-ე პარაგრაფით იყვნენ დაკავებული, 175-ე პარაგრაფით ისინი "ასოციალური პარაზიტები" იყვნენ და "გერმანული რასის სიწმინდისა და მორალისთვის საფრთხეს უქმნიდნენ". კრიმინალური კოდექსის 175-ე პარაგრაფი კაცებს შორის ჰომოსექსუალურ ურთიერთობას კრძალავდა. ნაცისტებმა დაახლოებით 100 000 ჰომოსექსუალი კაცი დააკავეს, რომელთაგან 50 000 დაპატიმრებული იყო. 

სევერინა შმაგლევსკა პოლონეთის ოკუპაციის დაწყების შემდეგ საავადმყოფოში მოხალისე მედდად მუშაობდა. მანამდე მას მასწავლებლობა სურდა და ფსიქოლოგიასა და ლიტერატურას სწავლობდა. 1940 წელს ის სტუდენტების წინააღმდეგობის ორგანიზაციას შეუერთდა, რომელსაც პოლონური ლიტერატურის საიდუმლო ბიბლიოთეკა ჰქონდა. წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩართულობისთვის ის გესტაპომ დააკავა და მცირე ხნის ციხეში გატარების შემდეგ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. საკონცენტრაციო ბანაკის ევაკუაციის დროს ის გაიქცა. გაქცევის შემდეგ მან მემუარების წერა დაიწყო. მისი წიგნი კვამლი ბირკენაუს თავზე ერთ-ერთი პირველი ნამუშევარია, რომელიც ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ცხოვრებას აღწერს. სევერინა შმაგელევსკა წიგნი ნიურნბერგის პროცესის დროს იყო გამოყენებული, პროცესზე თავად ავტორმაც მისცა ჩვენება.

კომენტარები