ჰოლოკოსტი

ჰოლოკოსტს გადარჩენილი უხუცესი ადამიანი 113 წლის ასაკში გარდაიცვალა

როუზ ჯირონი 111 წლის ასაკში
Reha Bennicasa via CNN

ჰოლოკოსტს გადარჩენილი, არსებული მონაცემებით, ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, როუზ ჯირონი, აშშ-ში 113 წლის ასაკში გარდაიცვალა

გერმანიის წინააღმდეგ ებრაული მატერიალური პრეტენზიების კონფერენციის ცნობით, ჯირონი ჰოლოკოსტს გადარჩენილი უხუცესი ცოცხალი ადამიანი იყო. 

ჯირონი 1930-იან წლებში როგორც გერმანიის, ისევე იაპონიის რეჟიმების მსხვერპლი იყო. 

გარდაცვალების შესახებ ცნობები ჯირონის შვილმა, რეჰა ბენიკასამ დაადასტურა. მისი თქმით, ჯირონი 24 თებერვალს მოხუცთა სახლში გარდაიცვალა. 

ჯირონი 1912 წელს ებრაულ ოჯახში, პოლონურ ქალაქ იანუვში დაიბადა, რომელიც იმ დროისთვის რუსეთის იმპერიის ნაწილს წარმოადგენდა - დაბადებისას მისი სახელი როზ რაუბფოგელი იყო. ბავშვობაში ის საცხოვრებლად გერმანიაში, ჰამბურგში გადავიდა, 1937 წელს კი გერმანელ ებრაელზე, იულიუს მანჰაიმზე გათხოვდა. 

როუზი ცხრა თვის ორსული იყო, როდესაც მისი ქმარი ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში წაიყვანეს. მალევე, 1938 წელს მათი შვილი, რეჰა დაიბადა. 

1940 წლამდე საკონცენტრაციო ბანაკში მოთავსებულ ზოგიერთ ადამიანს, მათ შორის ებრაელებსაც, გარკვეულ პირობებში ბანაკიდან გათავისუფლება შეეძლო - ჯირონმა ნათესავის დახმარებით მოპოვებული ჩინური ვიზის მეშვეობით შეძლო, რომ ქმართან და შვილთან ერთად საცხოვრებლად შანჰაიში გადასულიყო, თუმცა ნაცისტებმა ოჯახი აიძულეს, რომ ძვირფასეულობები, დანაზოგები და ღირებული ნივთები გერმანიაში დაეტოვებინათ.

იმ დროისთვის, როდესაც ოჯახი ჩინეთში ჩავიდა, შანჰაის იაპონია აკონტროლებდა და ებრაელები იძულებულები იყვნენ, გეტოებში ეცხოვრათ. ჯირონის თქმით, გეტოს დატოვება არავის არ შეეძლო იაპონელი მაღალჩინოსნის ნებართვის გარეშე, რომელიც საკუთარ თავს "ებრაელთა მეფეს" უწოდებდა. 

ომის შემდეგ ოჯახმა აშშ-ში ცხოვრება დაიწყო, სადაც როუზი თავის პირველ ქმარს დაშორდა და ჯეკ ჯირონზე გათხოვდა. 

გერმანიის წინააღმდეგ ებრაული მატერიალური პრეტენზიების კონფერენციის ინფორმაციით, დღემდე ჰოლოკოსტს გადარჩენილი დაახლოებით 245 000 ადამიანი არის ცოცხალი.

კომენტარები