ეკონომიკა

2020 წელს გლობალური ხარჯები თავდაცვაზე გაიზარდა და 1.9 ტრილიონი დოლარი შეადგინა

გასულ წელს გლობალური ხარჯები თავდაცვაზე 1.9%-ით გაიზარდა და ჯამურად 1.93 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ანალიტიკური სააგენტო Janes ავრცელებს, რომელიც თავის კვლევებში ღია წყაროებს ეყრდნობა. 2019 წელს იმავე მაჩვენებელმა 1.8 ტრილიონი დოლარი შეადგინა. 

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ჯამური მაჩვენებლის ზრდის მთავარი წინაპირობა ევროპის სახელმწიფოების მხრიდან თავდაცვის გაზრდილი ხარჯები იყო. გასულ წელს ევროპულმა სახელმწიფოებმა თავდაცვის ხარჯები 5.6%-ით გაზარდეს. 

ანალიტიკოსების აზრით, მომდევნო წელს კორონავირუსის პანდემიისა და ამით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო გლობალური თავდაცვის ხარჯები საგრძნობლად შემცირდება და ჯამურად 1.5 ტრილიონ დოლარს გაუტოლდება, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება. ამავდროულად, მოსალოდნელია, რომ ცალკეულ რეგიონებში ხარჯების ზრდის ტემპი შენარჩუნდება. 

პირველ რიგში, საუბარია აზიაზე, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, სწორედ აზიური სახელმწიფოების გაზრდილი ხარჯები იქნება გლობალური მაჩვენებლის ზრდის მთავარი ფაქტორი. თუკი 2010 წელს აზიური სახელმწიფოების საერთო წილი თავდაცვაზე გაწეულ გლობალურ ხარჯებში 20%-ს შეადგენდა, მოსალოდნელია, რომ 2030 წლისთვის იგივე მაჩვენებელი 35%-ს გაუტოლდება. 

ტრადიციულად, 2020 წელს თავდაცვაზე ყველაზე მეტი მსოფლიოს უდიდესმა ეკონომიკამ, აშშ-მ დახარჯა. ამერიკის ხარჯებმა თავდაცვაზე გასულ წელს 649 მილიარდი დოლარი შეადგინა, მეორე ადგილზეა ჩინეთი, რომლის ხარჯებიც 250 მილიარდ დოლარს აღწევდა. მესამე ადგილზე, 67 მილიარდი დოლარით, საუდის არაბეთია, მეოთხეზე – 66 მილიარდი დოლარით, ინდოეთი. 63 მილიარდი დოლარი დახარჯა თავდაცვაზე გასულ წელს საფრანგეთმა და 61 მილიარდი დოლარი რუსეთმა. 

კომენტარები