პორტუგალია

პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, რებელუ დი სოზამ გაიმარჯვა

მარსელუ რებელუ დი სოზა ხმას აძლევს პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნებში
AP

პორტუგალიაში კვირას, 24 იანვარს, საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნებში მოქმედმა მემარჯვენე-ცენტრისტმა პრეზიდენტმა, მარსელუ რებელუ დი სოზამ გაიმარჯვა. 

სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყოფილმა ლიდერმა ხმების 61% მოიპოვა. 2016 წელს არჩევნებში რებელუ დი სოზამ 52%-იანი მხარდაჭერით გაიმარჯვა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პანდემიის ფონზე არჩევნებში ამომრჩევლის აქტიურობა ძალიან დაბალი იყო. ამომრჩეველთა 60%-მა არჩევანის გაკეთებისგან თავი შეიკავა, პორტუგალიის ისტორიაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

პორტუგალიაში პრეზიდენტს დიდწილად ფორმალური როლი აქვს, თუმცა შეუძლია, ვეტო დაადოს ზოგიერთი კანონის გატარებას და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს. ეს უფლებამოსილება პრეზიდენტმა პანდემიის პერიოდში რამდენჯერმე გამოიყენა.

"ყველაზე გადაუდებელი ამოცანა პანდემიასთან ბრძოლაა. პარლამენტთან და მთავრობასთან სრული სოლიდარობით ეს არის ჩემი მთავარი პრიორიტეტი". – თქვა რებელუ დი სოზამ.

არჩევნებში ხმების 13% მემარცხენე კანდიდატმა, ანა გომესმა მოიპოვა, მესამე ადგილზე კი მემარჯვენე პარტიის ჩეგას კანდიდატმა, ანდრე ვენტურამ 12%-ით დაიკავა. 

ხმის მიცემის დროს საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოების ზომები მკაცრად კონტროლდებოდა. ნიღბის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა სავალდებულო იყო. გარდა ამისა, ამომრჩევლები საკუთარი კალმებით უნდა მისულიყვნენ ხმის მისაცემად. უსაფრთხოების ზომების მიუხედავად, ISC/ISCTE კვლევითი ინსტიტუტის გამოკითხვის თანახმად, პორტუგალიელების თითქმის ორი მესამედი თვლის, რომ არჩევნები უნდა გადადებულიყო. 

ქვეყანაში მძიმე ეპიდმდგომარეობაა. გასული კვირის განმავლობაში ქვეყანაში ყოველდღიურად COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელი აღირიცხებოდა, კვირას გარდაცვლილთა რაოდენობამ 275 ადამიანს მიაღწია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 636 190 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 469 ადამიანი.

კომენტარები