პორტუგალია

პორტუგალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტულმა კოალიციამ გაიმარჯვა

TIAGO PETINGA/EPA-EFE

პორტუგალიის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტულმა კოალიციამ, დემოკრატიულმა ალიანსმა (AD) გაიმარჯვა.

AD-ის მემარჯვენეთა კოალიციაში სოციალ დემოკრატიული პარტია (PSD), ქრისტიან დემოკრატიული - სახალხო პარტია (CDS-PP) და ხალხთა მონარქისტული პარტია ერთიანდებიან.

პარტიის ლიდერის, ლუის მონტენეგროს თქმით, ამომრჩევლებმა თავიანთი ხმით გამოხატეს, რომ ახალი მთავრობა, ახალი პლატფორმა და პოლიტიკურ ლიდერებს შორის მეტი დიალოგი სურთ. 

სოციალისტების ახალმა ლიდერმა, პედრო ნუნო სანტოსმა, მარცხი აღიარა და თქვა, რომ მზად იყვნენ, ოპოზიციას სათავეში ჩასდგომოდნენ.

"ოპოზიციას გავუძღვებით, განვაახლებთ პარტიას და შევეცდებით, დავიბრუნოთ ის პორტუგალიელები, რომლებიც PS-თი უკმაყოფილოები არიან". - თქვა სანტოსმა.

ქვეყნის ორივე ძირითადმა პარტიამ, როგორც დემოკრატიულმა ალიანსმა, ისევე სოციალისტებმა ხმების დაახლოებით 29% მიიღო - AD-მ 230-კაციან პარლამენტში 79 ადგილი მოიპოვა, სოციალისტებმა კი - 77. 

ამ შედეგის გათვალისწინებით, გამარჯვებულმა დემოკრატიულ ალიანსმა უნდა გადაწყვიტოს, მთავრობას როგორ შეკრავს.

წინა არჩევნების შედეგების ფონზე, მხარდაჭერის ზრდის მხრივ ულტრამემარჯვენე პარტია "ჩეგა" ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. ამჟამინდელ არჩევნებში "ჩეგამ" ხმების 18% და პარლამენტში 48 ადგილი მოიპოვა. მანამდე, 2022 წლის არჩევნებში პარტიამ ხმების 7.2% მიიღო და პარლამენტში 12 ადგილი დაიკავა, ხოლო 2019 წლის არჩევნებში - მხოლოდ ერთი ადგილი მოიპოვა.

"ჩეგას" პოლიტიკური პლატფორმა კორუფციასთან ბრძოლასა და იმიგრაციის დონის შეზღუდვას ეფუძნება.

"ეს არის ღამე, როცა პორტუგალიაში ორპარტიული მმართველობა დასრულდა. ჩეგა-მ პორტუგალიაში ისტორიულად ერთ მილიონ ხმას გადააჭარბა". - თქვა პარტიის ლიდემა, ანდრე ვენტურამ.

მონტენეგრომ ვენტურა ქსენოფობად და რასისტად მოიხსენია და თავის გამარჯვების სიტყვაში თქვა, რომ მასთან არ ითანამშრომლებდა. მიუხედავად ამისა, "ჩეგას" ლიდერის თქმით, მზად არის მთავრობის შეკვრაში მიიღოს მონაწილეობა.

არჩევნებამდე 4 თვით ადრე, ქვეყნის სოციალისტი პრემიერი, ანტონიო კოსტა მთავრობაში კორუფციის ბრალდებების ფონზე გადადგა, თუმცა თავად ბრალდებულად არ დასახელებულა.

კომენტარები