არჩევნები 2020

სამადაშვილი ფანგანზე: შერჩევითი სამართალია – 20 ივნისის ჯალათების დანაშაულები დაუსჯელია

ფორმულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივას წევრის, ირაკლი ფანგანის დაკავებას ეხმაურება. სამადაშვილი ფანგანის დაკავებას შერჩევით სამართალს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დღემდე გამოუძიებელი და დაუსჯელია სხვა არაერთი დანაშაული.

"დაკავებაზე - შერჩევითი სამართალია, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური შეხედულების ადამიანს აკავებ ხულიგნობისთვის, მაშინ, როდესაც დღემდე გამოუძიებელი და დაუსჯელია 20 ივნისის ღამის ჯალათების და მრავალი სხვა დანაშაული. გაუქმებული, ჩამოშლილი სახელმწიფოს და კანონის პირობებში, საერთოდ "კანონიერების" პრინციპს ეკარგება შინაარსი.

ეს არის ის უბედურება, სადამდეც მიიყვანა ქართულმა ოცნებამ ჩვენი ქვეყანა. პოლიტიკურ მორალს კი, შინაარსი ამ პირობებშიც რჩება, მეტიც, საზოგადოების ერთადერთ საყრდენად რჩება. ასე რომ, დიახ, არ მომწონს ადამიანისთვის თავზე ურნის დამხობა, ვინც არ უნდა იყოს ის. ის, რომ ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელსაც დემოკრატიული მანდატი დაკარგული აქვს და კანონიც აბუჩად აქვს აგდებული, ეროვნული კატასტროფაა, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც და ზოგადად". – წერს სამადაშვილი.

დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე დააკავეს არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივას წევრი, ირაკლი ფანგანი.

გუშინ, 23 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივას და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ოპოზიციის საარჩევნო სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარეს. ირაკლი ჩავლეიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას იღებდა ენმ-ძალა ერთობაშიას საარჩევნო სიით. ჩავლეიშვილი ენმ-ძალა ერთობაშიას სიაში რესპუბლიკური პარტიიდან მოხვდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატის მიღების შემდეგ მან დატოვა რესპუბლიკური პარტიაც.

მომხდარს სალომე სამადაშვილი გუშინაც გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა დაწერა, რომ "ამაზრზენია ის, რაც ბათუმში მოხდა, ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება".

კომენტარები