ტურიზმი

თურნავა: ტურისტებს დავახვედრებთ გახსნილ სასტუმროებს, აჭარაში - რესტორნებს

"ვაძლევთ თავს უფლებას, ნოტამი გავაუქმოთ და რეგულარული ფრენები დავუშვათ" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ TV იმედი ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს ყველა იმ ავიაკომპანიას ეხება, რომელიც საქართველოში ოპერირებს.

კითხვაზე, რატომ მიიღო მთავრობამ ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება მაშინ, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტიც კი არ არის ქვეყანაში გახსნილი, ეკონომიკის მინისტრი პასუხობს - "საკმაოდ კარგად დავამუშავეთ ქვეყნის შიგნით ყველა უსაფრთხოების წესი, რომელიც ამა თუ იმ ბიზნესმა, ორგანიზაციამ თუ მოქალაქემ უნდა დაიცვას".

ნათია თურნავას შეფასებით, რეგულარული ფრენების გახსნა მნიშვნელოვანი, აუცილებელი, თუმცა, არასაკმარისი პირობაა იმისთვის, რომ ქვეყანაში ტურისტი შემოვიდეს.

"ტურისტის შემოსვლა განპირობებულია ჩვენთან არსებული ეპიდვითარებით, ეს არის ერთიანი საკითხის სხვადასხვა მხარე. არ შეიძლება, ქვეყანაში იყოს ინფიცირების მაღალი დღიური მაჩვენებელი  და ამ დროს ტურისტები მონდომებულები იყვნენ, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში.

არა, მაგრამ დღეს ვხედავთ შესაძლებლობას, ამ ვითარებაში, როდესაც ეტაპობრივად ვხსნით ბიზნესს, შევძლებთ, ვუმასპინძლოთ ტურისტებს" - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

ნათია თურნავას თქმით, საქართველოს მთავრობა მომდევნო კვირაში, "საკმაოდ ფრთხილად" იმსჯელებს ქვეყანაში შემოსვლის წესების ლიბერალიზაციაზე.  

"ეს არ უნდა იყოს ერთიანი დარტყმა ჩვენი ეპიდვითარებისთვის, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონში, ევროპაში, ისრაელში, გალფის ქვეყნებში უკვე ტემპს იკრებს ვაქცინაცია, არის საკმაოდ მოთხოვნა ვაქცინირებული ტურისტების მოგზაურობის, ვინც უფრო თამამად მოგზაურობს... ასევე ტესტირების შესაძლებლობების და მონიტორინგის ზრდა, აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, ტურისტების პირველი ჯგუფები გაზაფხულიდან უკვე შეძლებენ ქვეყანაში უსაფრთხოდ შემოსვლას.

აქ ჩვენ ვახვედრებთ გახსნილ სასტუმროებს, სასტუმრო ინდუსტრიას საკმაოდ კარგად ვეხმარებით, ასევე, დავახვედრებთ, იმედი მაქვს, რომ თანდათან გახსნილ სარესტორნო ბიზნესს, თუმცა, ეს მოხდება ეპიდვითარების მონიტორინგის ქვეშ... თუნდაც აჭარაში შეძლებენ ახლავე, პირველ ეტაპზე ჩამოსვლას. ასევე მოქმედ ეკონომიკას, იმიტომ, რომ ჩვენ სხვა დარგი პრაქტიკულად არ შეგვიზღუდავს" - ამბობს ნათია თურნავა.

საქართველოდან რეგულარული ფრენები 2020 წლის მარტში შეწყდა, მაშინ, როცა ქვეყანაში, ჯამში, კორონავირუსის 49 შემთხვევა იყო გამოვლენილი. საქართველოს მთავრობამ ფრენების აღდგენის პირობა რამდენჯერმე დადო, თუმცა, მხოლოდ აგვისტოში და მხოლოდ სამი მიმართულებით დანიშნა რეგულარული რეისები - თბილისი-მიუნხენის (Lufthansa), თბილისი-პარიზის (Air France) და თბილისი-რიგის (Air Baltic) საჰაერო ხაზზე. რეგულარული და ჩარტერული ფრენების ჩათვლით, ჯამურად, თვეში 50-60 ფრენა სრულდებოდა, რასაც მმართველი გუნდი "გახსნილ საზღვრებს" უწოდებს. აღსანიშნავია, რომ გერმანიის, საფრანგეთის და ბალტიის ქვეყნების მოქალაქეების და მუდმივი რეზიდენტების გარდა, საქართველოში შემოსული მგზავრი სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გადიოდა. 

საქართველოს მთავრობა დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს, Wizzair-ს და Ryanair-ს თვეების განმავლობაში არ აძლევდა ფრენის უფლებას და აცხადებდა, რომ ქვეყანა ამისთვის მზად არ იყო. 

ოქტომბრიდან ფრენა განაახლა ავიაკომპანია Wizzair-მა ქუთაისი-რიგის მიმართულებით, მაშინ, როცა საქართველოში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 1000-ს გადააჭარბა, ხოლო იმ ქვეყნებმა, სადაც საქართველოს მოქალაქეს უპირობოდ შეეძლო შესვლა, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, "არააუცილებელი მიზნით" მოგზაურ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტა.

იქამდე, დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას ქუთაისში ბაზის განუსაზღვრელი დროით დახურვა და საქართველოში არაერთი ფრენის გაუქმება მოუწია.

1-ელი ნოემბრიდან რეგულარული ფრენები კიდევ ათი მიმართულებით განახლდა. რეგულარული რეისები დაინიშნა თბილისიდან დოჰის, ვარშავის, ათენის, ამსტერდამის, ვენის, ბერლინის და მილანის მიმართულებით, ხოლო ქუთაისიდან - კატოვიცეს, დორტმუნდის და ვილნიუსის მიმართულებით. აქედან თბილისი-მილანის არც ერთი ფრენა არ შესრულებულა - ავიაკომპანია Ryanair-ს ბაზიდან საქართველოს მიმართულებით ოთხივე რეისი ამოღებული აქვს.

რაც შეეხება კატოვიცეს, დორტმუნდს და ვილნიუსს, Wizzair-მა მხოლოდ დორტმუნდის მიმართულებით შეასრულა სამი რეისი საახალწლოდ, დანარჩენი ფრენები ქუთაისი-რიგის ჩათვლით, გაზაფხულამდე გადადო.

საქართველოს მთავრობამ ფრენების დამატების გარდა, სავალდებულო კარანტინის PCR ტესტის სანაცვლოდ მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ, როცა ქვეყანაში ინფიცირების ერთეული ახალი შემთხვევები იყო, საქართველოს ყველა მოქალაქეს 14-დღიანი კარანტინი უნდა გაევლო. ნოემბრიდან კი, გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის მოქალაქეების/მუდმივი რეზიდენტების გარდა, მგზავრები PCR ტესტის წარდგენის სანაცვლოდ 8-დღიან თვითიზოლაციაში გადადიან, თუ მათ ტესტის პასუხი არ აქვთ, მაშინ თვითიზოლაციაში 12 დღე უნდა გაატარონ. 

კომენტარები