მე-10 მოწვევის პარლამენტი

ვოლსკი: მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

„არის რამდენიმე მთავარი საკითხი, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ, არათუ ალეკო ელისაშვილს, არამედ ნებისმიერ ოპონენტს ვესაუბროთ". – ასე პასუხობს პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი პარტია მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, რომელიც ქართულ ოცნებას სთავაზობს, საჯაროდ შეხვდნენ და დაილაპარაკონ  "პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე". 

ვოლსკის შეფასებით, ელისაშვილის გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივია და უპირისპირდება "იმ პოზიციას, რომელიც გააჩნია არამარტო სააკაშვილს, არამედ გააჩნია საქართველოსთვის არაკეთილმოსურნე მხარეს, რომელსაც დესტაბილიზაცია მიაჩნია თავისი სტრატეგიის მთავარ ამოცანად საქართველოში.". 

"თუკი ეს პასუხისმგებლობა მან გაითავისა, რასაკვირველია, ისიც უნდა იცოდეს, რომ არსებობს თემები, რაზეც საუბარი არათუ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიც არის. რაც შეეხება დეტალებს, ამასთან დაკავშირებით უნდა იყოს გამჭვირვალე მოლაპარაკებებიც, შეხვედრებიც, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. საჯაროდ ვამბობ, რომ მზად ვართ მასთან შეხვედრისთვის. დისკუსია გაგრძელდება ალბათ ერთი ორი შეხვედრით, არ ვიცი, წინასწარმეტყველებაში ვერ გადავვარდები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მისასალმებელია ის პასუხისმგებლობა, რასაც კონკრეტული სუბიექტი იჩენს ქვეყნის წინაშე და მისი სტაბილურობის აუცილებლობის გათვალისწინებით. ვინც არ უნდა იყოს არამხოლოდ ელისაშვილი, არამედ ნებისმიერ სხვასთან, ამ თემებზე ვართ მოლაპარაკებებისთვის". – ამბობს ვოლსკი. 

როგორც ალეკო ელისაშვილმა თქვა, მან ოპოზიციასთან მოლაპარაკებები დაასრულა და მზად არის, ლევან იოსელიანთან ერთად საჯაროდ შეხვდეს ქართულ ოცნებას. 

პარტია მოქალაქეების ლიდერებს - ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს საპარლამენტო მანდატებზე უარი ამ დრომდე არ უთქვამთ. ასევე, მანდატების გაუქმების მოთხოვნით საკანდონმდებლო ორგანოსთვის არ მიუმართავს გირჩის სამ წევრს.

ოპოზიცია ხელისუფლებისგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს და საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს. ამ დროისთვის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან საპარლამენტო მანდატებზე უმრავლესობას უარი აქვს ნათქვამი.

კომენტარები