მე-10 მოწვევის პარლამენტი

ელისაშვილი ოცნებას: მე და იოსელიანი მზად ვართ, შეგხვდეთ, დავილაპარაკოთ კრიზისის განმუხტვაზე

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ქართულ ოცნებას მიმართავს და სთავაზობს, რომ ის და ლევან იოსელიანი მათ საჯაროდ შეხვდებიან და მზად არიან, დაილაპარაკონ  "პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე".

ამასთან ერთად, ელისაშვილი წერს, რომ მისმა პარტიამ დაასრულა ოპოზიციასთან მოლაპარაკებები.

"ჩვენ, დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც. ის საკითხი, რომ თითქოს ვინმემ საიდანღაც გაგვრიცხა არის უბრალოდ ღიმილისმომგვრელი. ჩვენ ვინმეს საბავშვო ბაღში არ მივსულვართ რომ გაგვრიცხონ. ჩვენ ვართ ხალხის და ჩვენი მხარდამჭერების წინაშე ანგარიშვალდებული და მხოლოდ მათზეა დამოკიდებული, სად ვიქნებით ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში.

ასევე მინდა ოფიციალურად, პარტიის სახელით მივმართო "ქართულ ოცნებას" - ჩვენ: მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ საჯაროდ შეგხვდეთ და დავილაპარაკოთ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე. ჩვენ გვაინტერესებს ხართ თუ არა მზად შეასრულოთ შუამავალი ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების რაუნდებისას შეთანხმებული პუნქტები? თქვენგან ველით პასუხს ასევე საჯაროდ და ოფიციალურად". – წერს ელისაშვილი.

პარტია მოქალაქეების ლიდერებს - ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს საპარლამენტო მანდატებზე უარი ამ დრომდე არ უთქვამთ. ასევე, მანდატების გაუქმების მოთხოვნით საკანდონმდებლო ორგანოსთვის არ მიუმართავს გირჩის სამ წევრს.

ოპოზიცია ხელისუფლებისგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს და საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს. ამ დროისთვის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან საპარლამენტო მანდატებზე უმრავლესობას უარი აქვს ნათქვამი.

კომენტარები