მე-10 მოწვევის პარლამენტი

კობახიძე: ევროპელი სოციალისტების შემოსვლამ ერთპარტიული პარლამენტის სცენარი ჩამოშალა

ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარლამენტში ევროპელი სოციალისტების შესვლით ოპოზიციას ერთპარტიული პარლამენტის სცენარი ჩამოეშალა. 

ევროპელი სოციალისტების რამდენიმე წევრი პარლამენტში პროპუტინური პატრიოტთა ალიანსის სიით მოხვდა, როდესაც პარტიის ლიდერებმა პარლამენტში შესვლაზე, სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, უარი თქვეს. 

"საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთო ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება ევროპელი სოციალისტები, რამაც საბოლოოდ ჩამოშალა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი ერთპარტიული პარლამენტის სცენარი. ამ ვითარებაში პარლამენტის საბოტაჟის გაგრძელებამ ყოველგვარი რაციონალური საფუძველი დაკარგა". – თქვა ირაკლი კობახიძემ. 

უმრავლესობის ლიდერი კვლავ საუბრობს იმაზე, რომ "შედარებით ჯანსაღი ოპოზიციური ძალები" შანტაჟის შიშის გამო არ შედიან პარლამენტში და მათ კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვისკენ. 

პარლამენტმა პატრიოტთა ალიანსის სამი წევრის - ფრიდონ ინჯიას, დავით ზილფიმიანისა და გელა მიქაძის სადეპუტატო უფლებამოსილება 5 იანვარს ცნო. ქართული ოცნება კი 2021 წლის 5 იანვრით დათარიღებულ საინფორმაციო ბიულეტენში უცხოელ პარტნიორებს აცნობებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ "პარლამენტში შევიდა პირველი ოპოზიციური პარტია ევროპელი სოციალისტები ".

პრორუსული პარტიის სამმა წევრმა პარლამენტში ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილები დაიკავა, რადგან მათ საკანონმდებლო ორგანოს მანტადებზე უარი განაცხადეს.

საპარლამენტო მანდატზე უარი არ უთქვამს პატრიოტთა ალიანსის სიის მე-4 ნომერს, ავთანდილ ენუქიძეს, თუმცა, იგი თანაპარტიელებს რიგგარეშე სხდომაზე მოგვიანებით შეუერთდა.

ფრიდონ ინჯიას თქმით, ის, ავთანდილ ენუქიძე, ზაზა მიქანაძე და დავით ზილფიმიანი აყალიბებენ პოლიტიკურ გაერთიანება ევროპელ სოციალისტებს და საკანონმდებლო ორგანოში ასე შედიან.

"ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ყველა ოპოზიციური პოლიტიკოსის ადგილი ქუჩაში არ არის, ის, ვისაც ამის მანდატი აქვს, ის უნდა იყოს პარლამენტში. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ამომრჩევლებს, მათ გადაწყვეტილებას, რაც არ უნდა მცირე იყოს ის, შევდივართ პარლამენტში იმისათვის, რომ ოპონირება გავუწიოთ მმართველ პარტიას". - თქვა ფრიდონ ინჯიამ.

პარლამენტის მანდატების გაუქმების მოთხოვნით პატრიოტთა ალიანსის სამმა წევრმა, ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ 21 დეკემბერს მიმართეს. ცესკოს მიერ დამტკიცებული შედეგებითპატრიოტთა ალიანსმა არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 3.14% და 4 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა.

ირაკლი კობახიძე მათ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და თქვა, რომ "მნიშვნელოვანია, რომ პატრიოტთა ალიანსის რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში".

ოპოზიციის 60 დეპუტატიდან 54-მა ოფიციალურად თქვა მანდატზე უარი. პარლამენტარობაზე უარის თქმის მოთხოვნით პარლამენტისთვის მხოლოდ მოქალაქეებსგირჩის სამ და პატრიოტთა ალიანსის ერთ წევრს არ მიუმართავს. 

 

კომენტარები