არჩევნები 2020

პატრიოტთა ალიანსმა პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით განცხადებით მიმართა

პუტინისტური პატრიოტთა ალიანსის წევრებმა პარლამენტს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოპოვებული მანდატების გაუქმების მოთხოვნით განცხადებებით მიმართეს. პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, პროცესი გრძელდება და პატრიოტთა ალიანსს მათი მოქმედების სტრატეგია და ტაქტიკა აქვს. 

"ჩვენი პოლიტიკური პარტია ამ ვითარებაში მუდმივად უსვამდა ხაზს, რომ ჩვენ არ შევალთ პარლამენტში და დღესაც ვამბობთ, რომ ვმოქმედებთ დამოუკიდებლად. გვაქვს ჩვენი მოქმედების სტრატეგია და ტაქტიკა. 

დღეს ჩვენ განცხადებებს შევიტანთ პარლამენტში, ვტოვებთ მანდატებს. დანარჩენი პროცესი გრძელდება". – თქვა ირმა ინაშვილმა.  

ცესკოს მიერ დამტკიცებული შედეგებით, პატრიოტთა ალიანსმა არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 3.14% და 4 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა.

ამ დროისთვის ოპოზიციის 60 დეპუტატიდან 55-მა უკვე ოფიციალურად თქვა მანდატზე უარი. განცხადება არ დაუწერიათ, თუმცა არც პარლამენტში შესულან გირჩი, ალეკო ელისაშვილის მოქალაქეები.

კომენტარები