მეათე მოწვევის პარლამენტი

ვოლსკი: ევროპული საქართველო ვერც ნაციონალურ მოძრაობას გაემიჯნა და ვერც ფანჩატურის საძმოს

"ევროპულმა საქართველომ ვერ შეიძინა დამოუკიდებელი სახე, ვერც ნაცმოძრაობას გაემიჯნა და ვერც ფანჩატურის საძმოს" - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას, რომ პატრიოტთა ალიანსის ყოფილი წევრების პარლამენტში შესვლამ ერთპარტიულობა დაადასტურა.

მისივე თქმით, ევროპელი სოციალისტემა "სახელმწიფოებრივად სწორი ნაბიჯი გადადგეს" და დღეისთვის პარლამენტში 2 პოლიტიკური ძალაა. 

"იმედი მაქვს, სხვა პოლიტიკური სუბიექტებიც, არა მხოლოდ პარტნიორი ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით, არამედ უმთავრესად საკუთარი ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობით იმოქმედებენ. საბოტაჟის რეჟიმი უპირისპირდება ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების სასიცოცხლო ამოცანას".- ამბობს გია ვოლსკი საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 

ბოკერიას კომენტარს "ოცნების" დეპუტატი, ნიკოლოზ სამხარაძეც გამოეხმაურა. სამხარაძის თქმით, "ბოკერია ალბათ ხუმრობდა, პარლამენტი ერთპარტიულიაო – ერთს+ერთი ორია."

ევროპელი სოციალისტების დამფუძნებელი ყრილობა დღეს, 9 იანვარს ჩატარდა. პარტიის თავმჯდომარედ ფრიდონ ინჯია დაამტკიცეს. 

პარლამენტმა პატრიოტთა ალიანსის სამი წევრის - ფრიდონ ინჯიას, დავით ზილფიმიანისა და გელა მიქაძის სადეპუტატო უფლებამოსილება 5 იანვარს ცნო. ქართული ოცნება კი 2021 წლის 5 იანვრით დათარიღებულ საინფორმაციო ბიულეტენში უცხოელ პარტნიორებს აცნობებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ "პარლამენტში შევიდა პირველი ოპოზიციური პარტია ევროპელი სოციალისტები ".

პრორუსული პარტიის სამმა წევრმა პარლამენტში ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილები დაიკავეს, რადგან მათ საკანონმდებლო ორგანოს მანტადებზე უარი განაცხადეს. 

მათ ცესკოს  21 დეკემბერს მიმართეს. ცესკოს მიერ დამტკიცებული შედეგებითპატრიოტთა ალიანსმა არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 3.14% და 4 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა.

ირაკლი კობახიძე მათ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და თქვა, რომ "მნიშვნელოვანია, რომ პატრიოტთა ალიანსის რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში".

ოპოზიციის 60 დეპუტატიდან 54-მა ოფიციალურად თქვა მანდატზე უარი. პარლამენტარობაზე უარის თქმის მოთხოვნით პარლამენტისთვის მხოლოდ მოქალაქეებსგირჩის სამ და პატრიოტთა ალიანსის ერთ წევრს არ მიუმართავთ.

 

 

კომენტარები